“ნებისმიერ დროს ველოდებოდი ინკასოს დადებას და ამ ჭეშმარიტების მომენტს” – ნინო ჯანგირაშვილი

„კავკასიის“ ხელმძღვანელი, ტელეკომპანიისთვის ინკასოს დადებას ელოდა. ნინო ჯანგირაშვილი პროცესის საჯაროობას ითხოვს და ფინანსთა მინისტრთან შეხვედრას აპირებს.

“საიდან იწყებენ ათვლას, რატომ დაიწყო ათვლა მაინცდამაინც პირველი ოქტომბრიდან არა, მაგალითად, 3 ნოემბრიდან, ძალიან სასაცილოა ეს ამბავი. მე ჩემი ათვლის წერტილი მაქვს. როდესაც გავიგე ამ უსამართლობის შესახებ, რომ 55 მილიონი ჰქონდა სამ არხს დაგროვილი, მაშინ ვთქვი, რომ აღარ გადავიხდი გადასახადს. არ ვიხდი ბოლო პერიოდი, არც თხოვნით მიმიმართავს, რომ გადამივადეთ. ნებისმიერ დროს ველოდებოდი ინკასოს დადებას და ამ ჭეშმარიტების მომენტს. ველოდები ხელისუფლების პასუხს, როდის აპირებს, რომ დაგროვილი 55 მილიონის დავალიანება გადაახდევინოს პროსახელისუფლო ტელევიზიებს. არასერიოზულია, რომ თურმე მიმდინარე დავალიანებაც კი არ გადაიხადა „რუსთავი 2“-მა და ამ კომპოტში აღმოჩნდა. მომაწოდონ ინფორმაცია, რა ვადით და რა პირობით უკეთებენ რესტრუქტურიზაციას. თუ მეტყვიან, რომ 10 წლით უკეთებენ გრაფიკს, ეს ნიშნავს, რომ ფაქტობრივად პატიობენ ვალს. თუ ასე მოხდა, მაშინ ჩემი კატეგორიული მოთხოვნა იქნება, რომ ჩემს მიერ გადახდილი ფული ან დამიბრუნონ, ან რაღაცნაირად აღადგინონ თანასწორობა სხვა ტელევიზიების მიმართ, რეგიონული ტელევიზიებიც შემომიერთდებიან, „ტვ პირველიც“. რადგან ასე გამწვავდა საკითხი, არ გადავიხადე, რომ დამენახა, როგორ მოიქცა სახელმწიფო. დადასტურდა ჩემი ეჭვი, რომ არა, სახელმწიფოს არ აქვს სამართლიანი მიდგომა. მე ვაპირებ, შევხვდე ფინანსთა მინისტრს, ვითხოვ პროცესის საჯაროობას. პროცესი უნდა გახდეს საჯარო, რომ დავინახოთ, რასთან გვაქვს საქმე. მინდა, აღვადგინო სამართლიანობა“, – განაცხადა ნინო ჯანგირაშვილმა.

ცნობისთვის, ტელეკომპანიების: „რუსთავი 2“, „ტვ პირველი“ და „კავკასია“ საბანკო ანგარიშებს ინსკასო დაედო.

მსგავსი თემები