მერაბ ქვარაიამ ზუგდიდში, საბავშვო ბაღის, გადაუდებელი დახმარების ცენტრისა და სოციალური სახლის მშენებლობა დაათვალიერა

ქ. ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა მერაბ ქვარაიამ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე კონსტანტინე კაკავამ, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიამდა საკრებულოს წარმომადგენლებმა N2 საბავშვო ბაღის, სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრისა და სოციალური სახლის მშენებლობა დაათვალიერეს.

N2 საბავშვო ბაღის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა. პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება და მისი  ღირებულება 1 167 999 ლარია. საბავშვო ბაღი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის ადაპტირებული იქნება, იფუნქციონირებს ჯგუფი, რომელიც 125 აღსაზრდელს  იღებს. ბაღის მშენებლობისთვის ბიუჯეტიდან 1 167 999 ლარი იხარჯება. ბერიას ქუჩაზე არსებული ბაღი ავარიული იყო, რის გამოც ბავშვებს კერძო სახლში, ნაქირავებ ფართში უწევთ სკოლამდელი განათლების მიღება. ახალი ბაღის მშენებლობით კი ეს პრობლემა მოგვარდება.

აქტიურად მიმდინარეობს ლომთათიძის ქუჩაზე სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მშენებლობა. შენობა ერთსართულიან კარკასულ ნაგებობას წარმოადგენს, რომელიც გათვლილია შვიდ ბრიგადაზე, ერთი ბრიგადის დამატების პერსპექტივით. პროექტი საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ხორციელდება და მისი ღირებულება 505 477 ლარია.

მერაბ ქვარაია, კონსტანტინე კაკავა და მამუკა წოწერია ჩიქოვანის ქუჩაზე სოციალური სახლის მშენებლობის პროცესსაც გაეცნენ. მიმდინარე წელს მუნიციპალიტეტის მასშტაბით 26 სახლის მშენებლობა მიმდინარეობს, მათგან 5 სახლი ქალაქის ტერიტორიაზე შენდება.

ინფორმაციას N65 ოლქის ქ. ზუგდიდის მაჟორიტარი პარლამენტის წევრის, მერაბ ქვარაიას ბიუროს პრესსამსახური ავრცელებს.

მსგავსი თემები