დეკემბერში, საახალწლო ასაფეთქებლით მიღებული დაზიანებებით დამწვრობის ცენტრს ცხრა პაციენტმა მიმართა

საახალწლო ასაფეთქებლით  მიღებული დაზიანებებით დეკემბრის თვეში დამწვრობის ცენტრს ცხრა პაციენტმა მიმართა.

დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის, გუგა ქაშიბაძის განმარტებით, ცხრა პაციენტისგან ერთის მდგომარეობა, რომელსაც დაზიანება სახის არეში აღენიშნებოდა, შედარებით მძიმე იყო.

„მიუხედავად იმისა, რომ ახალი წლის ზეიმი ჯერ კიდევ თითქოს შორს არის, დეკემბერში უკვე ცხრა პაციენტი გვყავდა ასაფეთქებლით მიღებული დაზიანებებით, ძირითადად ბავშვები. ერთი პაციენტი იყო შედარებით მძიმე, სახის დაზიანებით, რომელიც რამოდენიმე დღე მოთავსდა სტაციონარში. დანარჩენი შემთხვევები შედარებით მსუბუქი დაზიანებები იყო“,- განაცხადა გუგა ქაშიბაძემ.

ქაშიბაძე ამბობს, რომ ჯერჯერობით წლევანდელ სტატისტიკაზე საუბარი ნაადრევია, თუმცა ზოგადად, წლიდან წლამდე ასეთი შემთხვევების რაოდენობა მატულობს.

„ჯერჯერობით სტატისტიკაზე საუბარი ნაადრევია, რადგან წინ არის ახალი წელი, ძველით ახალი წელი, შობა და ჩინური ახალი წელი. უბრალოდ, წლიდან წლამდე სტატისტიკურად მატულობს ასეთი დაზიანებები, მიუხედავად იმისა, რომ რეგულაცია შემოვიდა, სასკოლო ასაკის ბავშვებზე გაყიდვა აკრძალულია. ამ აკრძალვის მიუხედავად ასეთი შემთხვევების რაოდენობა, სამწუხაროდ, მაინც მატულობს,” – აღნიშნა გუგა ქაშიბაძემ.

მან მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდა.

„კიდევ ერთხელ მინდა, მოსახლეობა გავაფრთხილო, რომ ძალიან ფრთხილად იყვნენ ასაფეთქებლებთან, რადგან ერთი შეხედვით ყველაზე იაფიანი და უხიფათო ასაფეთქებელიც კი, არასწორი გამოყენების შემთხვევაში, საკმაოდ სერიოზული ტრავმის მოტანის მიზეზი შეიძლება, გახდეს. თუ გავითვალისწინებთ გამოცდილებას, ძირითადად ეს ემთხვევა ხოლმე სკოლის არდადეგების დაწყების პერიოდს, 60 პროცენტი დაზიანებები, სამწუხაროდ, ბავშვებზე მოდის, 40 პროცენტი კი მოზრდილებზე. ეს არის ისეთი ტრავმა, რომლის თავიდან აცილება ყოველთვის შეიძლება ელემენტარული წესები რომ იყოს დაცული, რომელიც ინსტრუქციაში წერია“,- განაცხადა გუგა ქაშიბაძემ.

მსგავსი თემები