ლუკა სირაძე “მწვანე სკოლიდან” გადასახადის გამო გადაიყვანეს

დაღუპული 15 წლის მოზარდის, ლუკა სირაძის ძმა, ბექა სირაძე, „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე, ლუკას „მწვანე სკოლიდან“ გადაყვანის მიზეზზე საუბრობს და აცხადებს, რომ მოზარდს, აღნიშნულ სკოლაში არანაირი პრობლემა არ შექმნია, მისი გადაყვანა, დედის სურვილი იყო.

ბექა სირაძის თქმით, ლუკა სწავლის პერიოდში, სკოლის მხრიდან, არანაირი შევიწროებას არ განიცდიდა, მათ შორის არც გადასახადის გამო:   

„მწვანე სკოლაში“ ჩემი ძმა არავის შეუვიწროებია, ის უბრალოდ, დედამ გადაიყვანა სხვა სკოლაში. გადავიყვანეთ იმ მიზეზით, რომ სკოლაში იყო გადასახადი, მაგრამ არც ამაზე შექმნილა პრობლემა. არავის შეუვიწროებია ამის გამო ჩემი ძმა, ან ჩემი ოჯახი, – რომ ვერ იხდი, შენი შვილი უნდა წაიყვანო აქედანო. ასეთი რაღაც არ ყოფილა, უბრალოდ, დედამ გადაწყვიტა, რომ გადაეყვანა სხვა სკოლაში. სკოლაში სწავლის პერიოდში ლუკა არ განიცდიდა არანაირ შევიწროებას, არ ჰქონია ამასთან დაკავშირებით პრობლემა, ეს არის რეალობა და ვერავის ვერაფერს დავაბრალებთ,“- აცხადებს ბექა სირაძე.

კითხვაზე, რა შეიძლებოდა ყოფილიყო ამ წარწერების გაკეთების მიზეზი, თუ ბავშვს სკოლასთან პრობლემა არ ჰქონია, დაღუპული მოზარდის ძმა აცხადებს, რომ შესაძლოა, ეს მხოლოდ ბავშვური საქციელი იყო:

„ეს არავინ იცის. შეიძლება, უბრალოდ, რაღაც ბავშვური წამოვლა იყო. 15 წლის იყო და შეიძლება იფიქრა, რომ მაგარი ტიპი გამოჩნდებოდა, ამას რომ გააკეთებდა. კონკრეტულად რომ სკოლასთან დაკავშირებით ბავშვს პროტესტი გამოეთქვა ოჯახში, ასეთი არაფერი ყოფილა,“- განაცხადა ბექა სირაძემ „მედიაცენტრ მთავართან“.

შეგახსენებთ, რომ ლუკა სირაძე 17 დეკემბერს გარდაიცვალა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების გამომძიებელი მარიამ ჩოლოიანი დააკავეს. მას ბრალად ედება სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებული დანაშაული, რაც ჩვენების მიცემის იძულებას გულისხმობს.  

მსგავსი თემები