„სკოლის მხრიდან ოჯახს არავინ დაკავშირებია, პირდაპირ პოლიციაში დაგვიბარეს“  – გარდაცვლილ ლუკა სირაძის ძმა

17 დეკემბერს გარდაცვლილი 15 წლის მოზარდის, ლუკა სირაძის ძმა ბექა სირაძე აცხადებს, რომ „მწვანე სკოლაში“ მომხდარი ფაქტის გამო სკოლიდან ოჯახს არავინ დაკავშირებია და ბექა პირდაპირ პოლიციის განყოფილებაში დაიბარეს. აღნიშნული განცხადება ბექა სირაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ სპეციალურ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

„ეს ამბავი გავიგე პირველი დაკითხვის დღეს, ანუ 10 რიცხვში. დამირეკა დედამ საღამოს და მითხრა, რომ განყოფილებაში იმყოფებოდნენ და ლუკას აბრალებდნენ „მწვანე სკოლის“ კედლების დაზიანებას, კედლების მოხატვას და ა.შ. მე არ ვიმყოფებოდი ამ პერიოდში თბილისში და  ტელეფონით ვესაუბრე დედასაც და ჩემს ძმასაც, რომელმაც მითხრა, რომ დამნაშავე არ იყო. სკოლის მხრიდან ოჯახთან დაკავშირება არ მომხდარა, სკოლას ჩვენთან კომუნიკაცია არც ჰქონია“ – განაცხადა ბექა სირაძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

როგორც ბექა სირაძემ აღნიშნა, პოლიციის განყოფილებაში ბექაზე მუქარა განხორციელდა.

„10 რიცხვში, დილით დარეკეს და დედა და ჩემი ძმა დაიბარეს პოლიციის განყოფილებაში. როგორც ვიცი, დაკითხვა თავიდან დაიწყო დედასთან ერთად, იყო თავიდანვე აგრესია, მუქარა, შეურაცხყოფა. ეუბნებოდნენ, რომ ლუკა ჩანდა კამერებში, თუმცა დედამ ითხოვა, რომ ნახავდა კამერის ჩანაწერს და თუ ის ამოიცნობდა თავის შვილს არ იქნებოდა ზარალის ანაზღაურებაზე პრობლემა. უთხრეს რომ ამის ჩვენების უფლება არ ჰქონდათ“ – განაცხადა ბექა სირაძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით,   დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების გამომძიებელი მარიამ ჩოლოიანი დააკავეს. მას ბრალად ედება  სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებული დანაშაულით, რაც ჩვენების მიცემის იძულებას გულისხმობს.  

მსგავსი თემები