გამანადგურებელი განაჩენი – ოკუპანტების მიერ დატყვევებული ექიმის ოჯახი დიპლომატებს მიმართავს

დატყვევებული ვაჟა ექიმის ოჯახის წევრები საქართველოში მოქმედ დიპლომატიურ მისიებს გზავნილს უგზავნის და სთხოვს, ახალი წლის მიუხედავად, არ მოდუნდნენ და იმოქმედონ.  

„მედიაცენტრი მთავარი“ ვაჟა ექიმის ოჯახის მიმართვას უცვლელად გთავაზობთ:

„საქართველოში მოქმედ ყველა დიპლომატიურ მისიას,უპირველეს ყოვლისა, გვინდა, დიდი და გულწრფელი მადლობა გადაგიხადოთ იმ საოცარი მხარდაჭერისთვის, რაც 9 ნოემბრიდან, ვაჟა ექიმის დაპატიმრების დღიდან გამოხატეთ ამ პრობლემის გადასაჭრელად.

მიუხედავად, არაერთი მცდელობისა, 20 დეკემბერს, ვაჟა გაფრინდაშვილის მიმართ გამოიტანეს გამაოგნებელი და ჩვენი ოჯახისთვის გამანადგურებელი განაჩენი – წელიწადი და ცხრა თვე ექიმმა ციხეში უნდა გაატაროს!შესაბამისად, ეს განაჩენი შემაძრწუნებელია არა მხოლოდ ოჯახისთვის, არამედ ქართველი ხალხისთვის, სახელმწიფოსთვის, მომლოდინე პაციენტებისთვის, თითოეული მოქალაქისთვის მსოფლიოში, ვისთვისაც ადამიანის უფლებები უმთავრესი ღირებულებაა!

ვიცით, რომ ამ განცდას ერთნაირად ვატარებთ და არ უნდა მოვდუნდეთ. ახლა მოქმედების დროა! გვინდა, მოგილოცოთ დამდეგი შობა-ახალი წელი! ჯანმრთელობა და ბედნიერება გისურვოთ თავისუფალ გარემოში! გისურვოთ ის, რაც ახლა აკლია ვაჟა ექიმს – უკანონო პატიმარს, რომელიც შეიძლება ამ დღესასწაულებს ოჯახისგან მოწყვეტით, ცივ საკანში შეხვდეს! იმედი გვაქვს, რომ მიუხედავად სადღესასწაულო დღეებისა, თქვენი ძალისხმევა ძველებურად დიდი და შედეგის მომტანი იქნება! პატივისცემით, ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი”, – ვკითხულობთ ოჯახის განცხადებაში.

მსგავსი თემები