ზალკალიანმა და ევროსაბჭოს კომისარმა, ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხზე ისაუბრეს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანსა და ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს, დუნია მიატოვიჩს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.

საუბრის თემა საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხი იყო. მინისტრის მხრიდან კიდევ ერთხელ შეშფოთებას გამოითქვა საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო და აღინიშნა, რომ მსგავსი უკანონო ქმედებები უკიდურესად ამძიმებს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ უმძიმეს ვითარებას, როგორც უსაფრთხოების, ასევე ადამიანის უფლებების კუთხით.

დავით ზალკალიანმა ხაზი გაუსვა მსგავსი ჰუმანიტარული ხასიათის კრიზისებზე საერთაშორისო თანამეგობრობის, განსაკუთრებით კი, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას.

ზალკალიანმა დუნია მიატოვიჩს მიაწოდა ინფორმაცია ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხზე ქართული მხარის მიერ გადადგმული ნაბიჯების შესახებ. სატელეფონო საუბრისას, გამოითქვა მზადყოფნა, მხარეებმა შეინარჩუნონ მუდმივი კომუნიკაცია და გაცვალონ ინფორმაცია არსებულ ვითარებაზე.

მსგავსი თემები