გეგუთის ციხის რეაბილიტაციის დროს, ნაგებობაში რკინის კონსტრუქციები გაჩნდა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სოფელ გეგუთში მე-8  საუკუნიდან შემორჩენილი ისტორიული ძეგლის რეაბილიტაციის დროს, გვიანი მარანის ტერიტორია მინის კონსტრუქციით გადაიხურა და ქვევრებში, არქიტექტურისთვის შეუსაბამო ბოძები გაჩნდა.

გიდების ასოციაციის თავმჯდომარის ლაშა ბერეკაშვილის განცხადებით, აუცილებელია, შესაბამისმა პირებმა ადგილზე რეკონსტურქციის მონიტორიგი ჩაატარონ და დაადგინონ, რამდენად შესაბამისია წარმოებული სამუშაო. მისი თქმით, გვიანი მარანის ტერიტორიის მინის კონსტრუქციით გადახურვა ქვევრების დაზიანებას გამოიწვევს.

“ქვევრში  ნამდვილად არ უნდა იყოს ის დიდი რკინის კონსტრუქცია ჩამაგრებული და ქვევრი არ უნდა წარმოადგენდეს რაღაცის საყრდენს. ეს მინის კონსტრუქცია, რომელიც ქვევრების ზემოთ არის, ვფიქრობ, საბოლოო ჯამში სითბურ ეფექტს შექმნის და ქვევრების დაშლას ხელს შეუწყობს, თუ არ მოხდა მისი გადახურვა და დაცვა. ალბათ, ეს გულგრილობის გამოც შეიძლება მომხდარიყო. ვფიქრობ, რომ თუ შესაბამისი პირები დაინტერესდებიან, ვისაც ევალება  რეკონსტრუქციების მონიტორინგი, ისინიც შენიშნავენ არასწორად შესრულებულ სამუშაოს,” – აღნიშნა გიდების ასოციაციის თავმჯდომარემ ლაშა ბერეკაშვილმა.

როგორც კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში განმარტავენ, მათ ოპტიმალური გადაწყვეტილება მიიღეს. მათი მტკიცებით, რკინის ბალიში არ აზიანებს ქვევრს.

“შენარჩუნების მთავარი არსი არის  გარკვეულ გადახურვაში მოქცევა. იყო რამდენიმე ვერსია, რომ ეს ქვევრი საერთოდ დაშლილიყო. რა თქმა უნდა, ჩვენ მივიჩნიეთ, რომ ქვევრი არ უნდა დაშლილიყო, მასზე მცირეოდენი  ჩარევა უნდა განხორციელებულიყო. მომზადდა ასეთი პროექტი, რომელიც იყო შეთანხმებული არქეოლოგებთან. სამი წელია ეს განხორციელებულია,” – განაცხადა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ.

მსგავსი თემები