„სკოლის 3 სართული, შიდა და გარე პერიმეტრი მთლიანად დაზიანებული იყო“ – საიდან შეაღწია მოზარდმა სკოლაში

დაკავებული გამომძიებლის, მარიამ ჩოლოიანის ადვოკატი არჩილ შაბაშვილი „მედიაცენტრ მთავართან“ საუბრისას აცხადებს, რომ „მწვანე სკოლის“ შიდა პერიმეტრის 3 სართული დაზიანებული იყო. მოზარდის სკოლის ეზოში შეღწევა კი სავარაუდოდ, დენის ჯიხურის მხრიდან მოხდა.

ადვოკატმა „მედიაცენტრ მთავარს“ ასევე განუმარტა გავრცელებული არასწორი ინფორმაცია, რომ თითქოს, სკოლაში, კრიმინალური პოლიცია მივიდა და არა საპატრულო ეკიპაჟი.

„მინდა გითხრათ, რომ ადგილზე მივიდა საპატრულო პოლიცია და არა კრიმინალური პოლიცია და მათ, სკოლამ, გამზადებული მასალები დაახვედრა პირის იდენთიფიცირებითა და ე.წ. სქრინშოტებით. ყველაფერი თითქმის გამზადებული დაახვედრეს. გამოძახებაზე პირველი მიდის საპატრულო პოლიცია, როდესაც პოლიცია დაასკვნის, რომ სახეზეა სს დანაშაული, ამის შემდეგ საპატრულო პოლიცია გადასცემს იმ განყოფილებას, რომელის სამოქმედო ტერიტორიაზეც მოხდა ფაქტი. 112-ში შესული ზარი ეხებოდა განზრახ ქონების დაზიანებას“ – განუცხადა არჩილ შაბაშვილმა „მედიაცენტრ მთავარს“.  

ადვოკატის ინფორმაცით, ასევე არასწორია ინფორმაცია, რომ სკოლის შიდა პერიმეტრის მხოლოდ 1 სართული იყო დაზიანებული.

„სკოლიდან გადმოცემულ ვიდეოკადრებში ნათლად ჩანდა, რომ სკოლის პირველი, მერე და მესამე სართული და შენობის გარეთა ფასადი იყო დაზიანებული. რაც შეეხება თქვენს კითხვას, საიდან მოხვდა არასრულწლოვანი სკოლის შიდა პერიმეტრზე, კონკრეტულად რომელი კარებიდან შევიდა არ ვიცი, თუმცა, ეზოში შესვლა, სავარაუდოდ, მოხდა დენის ჯიხურის მხრიდან.  შიგნით შენობაში როგორ შეაღწია ვერ გეტყვით. ეს დეტალი საქმის მასალებში ვერ ვნახე“ – განუცხადა არჩილ შაბაშვილმა „მედიაცენტრ მთავარს“.  

რაც შეეხება ე.წ. სქრინშოტებს, რომელიც სკოლამ სამართალდამცველებს გადასცა, ის ეხებოდა გარდაცვლლი მოზარდისა და „მწვანე სკოლის“ სკოლის ერთ-ერთი მოსწავლის მიმოწერას. კერძოდ,   გარდაცვლილი ერთ-ერთ მოსწავლეს ეკითხება, სკოლაში გამოჩნდა თუ არა პოლიცია. მოსწავლე ეკითხება, თუ საიდან იცის აღნიშნული ფაქტის შესახებ. აწ გარდაცვლილი კი პასუხობს, რომ ეს წარწერები მან გააკეთა და ამის შესახებ არავის უთხრას.

შეგახსენებთ, რომ  დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების გამომძიებელი მარიამ ჩოლოიანი დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებული დანაშაულით, რაც ჩვენების მიცემის იძულებას გულისხმობს.

მსგავსი თემები