„სკოლამ თითო დაფა 300 ლარად შეაფასა და დაუყოვნებლივ ითხოვდნენ გამოძიების დაწყებას“ –  გაგი მოსიაშვილი

დაკავებული გამომძიებლის, მარიამ ჩოლოიანის ადვოკატის განცხადებით, საგამოძიებო უწყებამ, „მწვანე სკოლაში“ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება არ დაიწყო და სკოლას მორიგებისკენ მოუწოდებდა. თუმცა, როგორც გაგი მოსიაშვილი აცხადებს, სკოლა დაუყოვნებლივ გამოძიების დაწყებას ითხოვდა.  

„საგამოძიებო ორგანოში ინფორმაციის შესვლის შემდეგ,  საგამოძიებო ორგანო ვალდებულია, დაიწყოს გამოძიება, თუმცა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, გამოძიება არ დაიწყო. საგამოძიებო ორგანო ცდილობს,  დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, საერთოდ არ დაიწყოს გამოძიება და სკოლას მორიგებისკენ მოუწოდებს,  მიუხედავად იმისა, რომ სკოლიდან ყველა ინფორმაცია ჰქონდათ, რაც მოხდა“ – აცხადებს ადვოკატი გაგი მოსიაშვილი „მედიაცენტრ მთავართან“.

კითხვაზე, რა  მიზეზით არ დაიწყო გამოძიება თუ უნდა დაეწყოთ, ადვოკატი პასუხობს, რომ ეს არ იყო იმ ტიპის საქმე რაზეც გამოძიება შეიძლება დაწყებულიყო.

„ძალიან მარტივი, უწყინარი სიტუაცია იყო და ჩათვალეს, არ დაეწყოთ გამოძიება. თან, არასრულწლოვანს ეხებოდა საქმე და სწორედ ეს უთხრეს „მწვანე სკოლასაც,“ თუმცა,  სკოლა მოითხოვდა გამოძიების დაწყებას. ეს ყველაფერი ჩანს საქმის მასალებიდან. ვინაიდან პრეტენზია ჰქონდა სკოლას, რომ მას დაუზიანდა ქონება და თითო დაფა 300 ლარი ღირდა, ამიტომ, ისინი ითხოვდნენ დაუყოვნებლივ რეაგირებას, რის გამოც გამოძიება დაუწყო შესაბამისმა ორგანომ“ – განაცხადა ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ  დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების გამომძიებელი მარიამ ჩოლოიანი დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებული დანაშაულით, რაც ჩვენების მიცემის იძულებას გულისხმობს.

მსგავსი თემები