“ძალისხმევას არ დავიშურებთ, რათა ვაჟა გაფრინდაშვილი დროულად დაუბრუნდეს ოჯახს” – ზურაბ აბაშიძე

“ვაჟა გაფრინდაშვილის ტყვეობაში დატოვების უკანონო გადაწყვეტილება კიდევ უფრო ამძიმებს ადგილზე შექმნილ ისედაც რთულ ვითარებას, უსაფრთხოების და ჰუმანიტარული თვალსაზრისით და მიზანმიმართულად უშლის ხელს სამშვიდობო მოლაპარაკებებში რაიმე პროგრესს”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ თემის კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, გაგრძელდება საერთაშორისო საზოგადოების მობილიზება და ხელისუფლება კვლავ არ დაიშურებს ძალისხმევას, რათა ვაჟა გაფრინდაშვილი ოჯახს დროულად დაუბრუნდეს.

„სიტყვები არ მყოფნის იმის გამოსახატად, რასაც ამ წუთებში განვიცდი; საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან უპრეცედენტო თანადგომისა და არაერთი მოწოდების მიუხედავად, ვაჟა გაფრინდაშვილი კვლავ ტყვეობაში რჩება. ეს უკანონო გადაწყვეტილება კიდევ უფრო ამძიმებს ადგილზე შექმნილ ისედაც რთულ ვითარებას, უსაფრთხოების და ჰუმანიტარული თვალსაზრისით და მიზანმიმართულად უშლის ხელს სამშვიდობო მოლაპარაკებებში რაიმე პროგრესს. აღარაფერს ვამბობ ბატონი ვაჟას ოჯახის წევრების მდგომარეობაზე. არ დარჩენილა არც ერთი ორმხრივი ან მრავალმხრივი ფორმატი, საერთაშორისო ორგანიზაცია, სადაც არ დაგვეყენებინოს ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლების საკითხი. ჩვენ რუსეთის ოფიციალური წარმომადგენლების მხრიდანაც მოვისმინეთ იმედისმომცემი განცხადებები. სამწუხაროდ, შედეგი ჯერ ასეთია – ფრიად დრამატული. ჩვენ, როგორც აქამდე, კვლავ გავაგრძელებთ საერთაშორისო საზოგადოების მობილიზებას და ძალისხმევას არ დავიშურებთ, რათა ჩვენი თანამოქალაქე დროულად და უვნებლად დაუბრუნდეს ოჯახს“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

შეგახსენებთ, ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებულ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს, ცხინვალის ე.წ. სასამართლომ, ერთი წლით და ცხრა თვით პატიმრობა მიუსაჯა

https://mcm.ge/ვაჟა-გაფრინდაშვილს-ერთი/

მსგავსი თემები