“ლუკა სირაძის გარდაცვალების ფაქტი, ჩვენთვის არ არის რაღაც რიგითი შემთხვევა” – ვახტანგ გომელაური

„მინდა, ღრმა მწუხარება გამოვთქვა ლუკა სირაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. ვუსამძიმრებ ოჯახს,” – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ბათუმში განაცხადა.

გომელაურმა ლუკა სირაძის გარდაცვალების ფაქტს ტრაგიკული უწოდა და აღნიშნა, რომ შსს სახელმწიფო ინსპექტორთან თანამშრომლობს:

“მინდა, ღრმა მწუხარება გამოვთქვა ლუკა სირაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. ძალიან სამწუხაროა, ოჯახს ვუსამძიმრებ. პირველ რიგში, ოჯახისთვის, მისი მეგობრებისთვის, ახლობლებისთვის არის ყველაზე მძიმე. რა თქმა უნდა, ყველა ჩვენგანისთვისაც, ეს არ არის, ვთქვათ, რაღაც რიგითი შემთხვევა – უმძიმესი შემთხვევაა.

ამას მოჰყვა შემდეგ კიდევ ორი, ასევე, სუიციდის ფაქტი. ერთი მოხდა ბათუმში, მეორე- სამეგრელოში, იქაც არასრულწლოვანი იყო და დაფიქსირდა რამდენიმე მცდელობა.

ვფიქრობ, ეს უნდა გაჩერდეს, ეს არის პროვოცირება პირდაპირ ამ სუიციდისკენ მიდრეკილი ადამიანების და ძალიან ცუდია. მინდა, ხაზი გავუსვა, ასევე, ჩვენი გამომძიებლის დაკავების ფაქტს. ჩვენ ვთანამშრომლობთ სახელმწიფო ინსპექტორთან. რაც შეგვეძლო, ყველანაირი ინფორმაცია მივაწოდეთ, რაც მოითხოვეს და ვფიქრობ, სიმართლე გაირკვევა და უსამართლოდ არ დაისჯება, არც ერთ ადამიანი – ეს იქნება პოლიციის თანამშრომელი თუ მოქალაქე”, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

მსგავსი თემები