“სასიკვდილოდ გაიმეტეს ცოტნე, იქ იყო ორთაბრძოლა” – გამსახურდიას ადვოკატი

ცოტნე გამსახურდიას ადვოკატი ამირან გიგუაშვილი ადასტურებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს არა ერთი, არამედ რამდენიმე პირი დაესხა დავს.

ამირან გიგუაშვილის განცხადებით, ბევრი საეჭვო გარემოება არსებობს. მისი თქმით, მას აქვს კითხვის ნიშნები სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, თუ რატომ იყო გალის ქუჩაზე გათიშული ქუჩის განათება.

ადვოკატი თავს იკავებს დეტალებზე და იმ ვერსიებზე საუბრისგან, რომლებიც საზოგადოებაში ვრცელდება, ვინაიდან ის შს სამინისტროს მიერ გამოძიების შუალედურ შედეგებთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებას ელოდება, რომელიც უწყებას  ამ დრომდე არ გაუვრცელებია.

“შემთხვევის ადგილის დათვალიერებიდანაც იკვეთება ის, რომ ეს არ იყო ჩვეულებრივი ჩხუბი, ფაქტობრივად სასიკვდილოდ გაიმეტეს ამ შემთხვევაში ცოტნე. ფაქტია ერთი, რომ იქ იყო ორთაბრძოლა. იქ არის გარკვეული კვალი დარჩენილი და ამასთან დაკავშირებით მუშაობს საგამოძიებო ორგანო.

ვერსიები, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, შეიძლება ბევრი იყოს, მაგრამ რეალურად სანამ არ გვექნება სათანადო მტკიცებულებები, ამ შემთხვევაში ვერც დაცვის მხარე, ვერ ოჯახი და ბუნებრივია ვერც სამართალდამცავი ორგანოები კონკრეტულ შეფასებებს ვერ გააკეთებენ.

მე ერთი რამ შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ ინტენსიურად გვაქვს კომუნიკაცია საგამოძიებო ორგანოებთან. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მას არანაირი განსაკუთრებული პრობლემა არავისთან არ ჰქონდა,” – აცხადებს ადვოკატი ამირან გიგუაშვილი

მსგავსი თემები