“უსიყვარულობა და უიმედობა მწვავედ იგრძნობა ჩვენს ქვეყანაში, რაც ტრაგიკული მოვლენების გახშირებას იწვევს” – დეკანოზი

დეკანოზი ლევან ალადაშვილი თვლის, რომ საქართველოში ბოლო დროს განვითარებული ტრაგიკული მოვლენები საზოგადოებაში ფართოდ გავრცელებული უსიყვარულობის, უიმედობის და ნიჰილიზმის შედეგია.

როგორც დეკანოზმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, საკეთილდღეო ცვლილებების განხორციელებას ქვეყანაში, მხოლოდ იმედისა და ოპტიმიზმის დანერგვით შევძლებთ:

“უსიყვარულობა და უიმედობა მწვავედ იგრძნობა ჩვენს ქვეყანაში, რაც იწვევს ნიჰილისტურ განწყობას. შეიძლება იმედის გარეშე დარჩენილმა ადამიანმა ყოველთვის სუიციდით არ დაასრულოს სიცოცხლე, მაგრამ ფაქტობრივად, იმედს როცა აცლი, განსაკუთრებით ახალ თაობას, კლავ მას და მის მომავალს. სინამდვილეში ძალიან მაგარი ახალი თაობა გვყავს, ძალიან დიდი პოტენცია აქვთ და ნამდვილად სჭირდებათ სიყვარული, იმედი, გამხნევება… მნიშვნელოვნია, რომ ამ ადამიანებს მივცეთ იმედი. ვფიქრობ, დანაშაულია, როცა ადამიანს ვუბიძგებთ უიმედობისკენ, ნიჰილიზმისკენ.

ფრაზები, რომ “არაფერი გვეშველება”, “არაფერს აზრი არ აქვს”, “უნდა წავიდეთ” და ა.შ., – არასწორია. ყველაფერს აქვს აზრი და ჩვენ თუ გვინდა, რომ შევცვალოთ ბევრი რამ ქვეყანაში, ამას მხოლოდ და მხოლოდ იმედით ოპტიმიზმით, განათლებით და სიყვარულით შევძლებთ. სხვანაირად, მივიღებთ დეგრადირებას, უკან დახევას,”- განაცხადა დეკანოზმა.

დეკანოზი თვლის, რომ სასულიერო პირის ურთიერთობა მოზარდთან აუცილებელია, რათა მას სწორედ ის დეფიციტი შეუვსოს, რაც საზოგადოებას აკლია და პრობლემათა გადაწყვეტაში დაეხმაროს:

“ხშირად ყოფილა შემთხვევა, როცა ბავშვებს შორის კონფლიქტი, პრობლემა იყო, ამ დროს დამრიგებელს, დირექტორს მოუხმია მოძღვარი. კონკრეტულ ასაკში, კონკრეტული პრობლემა ყველა მოზარდს უწევს და ამ დროს შეხიდება, დახმარება, იმედის მიცემა, ნუგეში, გამხნევება მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

ამის გარდა, არის მეორე მომენტიც, – თუ გვინდა, ავაშენოთ ტოლერანტული საზოგადოება, აუცილებელია, ამ საზოგადოებამ იცოდეს არა მარტო რელიგია, რომლის მორწმუნედაც თვლის თავს, არამედ სხვა რელიგიების შესახებაც, რომ არ ხედავდეს სხვა რელიგიის წარმომადგენელში საშიშროებას. რელიგიის სწავლება, ერთი მხრივ, ძალიან მნიშვნელოვანია, მეორე მხრივ, – სასულიერო პირების ურთიერთობაც აუცილებელია მოზარდებთან, რათა მათ საჭირო დროს მივცეთ ნუგეში, სიყვარული, იმედი, დავეხმაროთ რთული ეტაპების გადალახვაში. ამით მივიღებთ ძლიერ თაობას, რომელიც ნამდვილად შეცვლის ბევრ რამეს უკეთესობისკენ. ჩვენ გვინდა, ახალგაზრდებს ხელი გავუწოდოთ, მაგრამ ზოგჯერ მათ ეს ხელის გაწვდენა უკვირთ, რადგან არასწორი სტერეოტიპებია შექმნილი და სწორედ ეს უნდა დავანგრიოთ,” – განაცხადა დეკანოზმა ლევან ალადაშვილმა.

მსგავსი თემები