„საყოველთაო სიყვარულის დეფიციტია ამ ქვეყანაში, მარტო დარჩენილი ახალგაზრდა იღებს უკიდურეს გადაწყვეტილებას“ – მღვდელი   

„სიყვარულის დეფიციტიდან გამომდინარე, ის შედეგი მივიღეთ, რაც მივიღეთ.  ადამიანები იზრდებიან გარემოში, იზრდებიან სივრცეში, სადაც არ არის სიყვარული“ – განაცხადა დიდი ჩაილურის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, მღვდელმა თეიმურაზ ქორიძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

როგორც სასულიერო პირმა აღნიშნა, მარტო დარჩენილი ახალგაზრდები გაქცევას ცდილობენ, რაც საშველი ვერ იქნება. მისივე შეფასებით, აუცილებელია, ეკლესია ახლოს იყოს სკოლასთან.

„სკოლაში, უნივერსიტეტში თუ ნებისმიერ სასწავლებელში, უმნიშვნელოვანესია, იყვნენ ადამიანები, ვინც სხვა ადამიანის გულამდე მიიტანენ სიყვარულს. სამყაროში, ვისაც სიყვარულის ქადაგება ევალება, ეს არის ეკლესია, ეს არის მისი პირადი პასუხისმგებლობა და მოვალეობა. სწორედ სიყვარულის დეფიციტიდან გამომდინარე მივიღეთ ის შედეგი, რაც მივიღეთ. ადამიანები იზრდებიან გარემოში, იზრდებიან სივრცეში, სადაც არ არის სიყვარული, სადაც სწავლობენ თითის გაშვერას და არა ხელის გაწვდენას. უმნიშვნელოვანესია, ეკლესიას მიეცეს საშუალება, იქ, სადაც იჭედება და ყალიბდება ჩვენი ქვეყნის მომავალი თაობა, იყოს ეკლესია და იქ ისწავლებოდეს სიყვარული“ – განაცხადა მღვდელმა თეიმურაზ ქორიძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

მისივე შეფასებით, უმთავრესი პრობლემა, რაც დღეს ქვეყანაში არსებობს, სწორედ უსიყვარულობით არის გამოწვეული.

„თუ ძალიან ჩავუღრმავდებით პრობლემას, რომელიც დგას ჩვენს წინაშე, ეს არის უსიყვარულობით გამოწვეული პრობლემები. ყველაფრის მიზეზი და სათავე არის უსიყვარულობა. სამწუხაროდ, ჩამოვყალიბდით იმ საზოგადოებად, რომელიც ვერ გრძნობს პასუხისმგებლობას ერთმანეთის მიმართ. საყოველთაო სიყვარულის დეფიციტია და ამ საყოველთაო სიყვარულის დეფიციტმა ადამიანები მიიყვანა გათითოკაცებამდე. მარტო დარჩენილი ახალგაზრდა, დარჩენილი პრობლემების წინაშე, აწყდება ერთ რეალობას – ყველა მისკენ იშვერს თითს, ყველა მასში ხედავს დამნაშავეს და მას გვერდით არ ჰყავს ადამიანი,  ვისაც გაანდობს საკუთარ პრობლემას, წუხილს, შეცდომას და საკუთარ პრობლემებთან და თავთან დარჩენილი ახალგაზრდა იღებს გადაწყვეტილებას, გაექცეს  საკუთარ თავს, ამ ცხოვრებას და გარბის სადღაც, თვითონაც არ იცის სად და ფოქრობს რომ ეს არის საშველი“ – განაცხადა მღვდელმა „მედიაცენტრ მთავარში“.     

https://mcm.ge/%e1%83%94%e1%83%99%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%a1%e1%83%98%e1%83%90-%e1%83%aa%e1%83%93%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%91%e1%83%a1-%e1%83%a8%e1%83%94%e1%83%95%e1%83%98%e1%83%93%e1%83%94%e1%83%a1/

მსგავსი თემები