“ცოტნე ისეთი ჯანიანი იყო, 3-4 კაცი ვერ მოერეოდა” – სადაც გამსახურდია დაჭრეს, კამერებია დამონტაჟებული

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი ცოტნე გამსახურდია, რომელიც ვერაზე, მის სახლთან ახლოს დაჭრეს ამ დრომდე საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაში რჩება.

მეზობლები „მედიაცენტრ მთავართან“ თავს იკავებენ კომენტარისაგან და ამბობენ, რომ ამ ამბის შესახებ არაფერი იციან.

რამდენიმე მეზობელი „მედიაცენტრ მთავართან“ აცხადებს, რომ ცოტნე გამსახურდია დაახლოებით 18:00 საათზე ეზოში ნახეს. ხოლო მისი დაჭრა დაბინდებამდე დაახლოებით 20:00 საათამდე მოხდა. 

ერთ-ერთი მეზობლის თქმით, ცოტნე გამსახურდია მის სახლთან ახლოს მდებარე ავტოფარეხთან უგონო მდგომარეობაში იპოვეს.

„როგორც ამბობენ, უცხოები იყვნენ. დაახლოებით 18:00 საათი იყო, როდესაც ცოტნე ვნახე, ჩვეულებრივად მივესალმე და წავედი.  ცოტნეს დაჭრა ავტოფარეხში არ მომხდარა, მოხდა ცოტა წინ.  ცოტნე ისეთი ჯანიანი იყო 3-4 კაცი ვერ მოერეოდა.  არ იყო ადვილი საცემი. ჯერ თავში ჩაარტყეს, სანამ მოიკიდებდა ხელს, ამ დროს ისარგებლებდნენ თორემ, ეს, რომ დაენახა მოიგერიებდა. ნავარჯიშებია და კარგი ბიჭია. უბნისთვის კარგი ბიჭია,“ – აცხადებს ერთ-ერთი მეზობელი „მედიაცენტრ მთავართან“.

როგორც ცოტნე გამსახურდიას მეზობელმა „მედიაცენტრ მთავართან“ საუბრისას განაცხადა, მისი დაჭრა საღამოს საათებში მოხდა.

„როდესაც ეს ამბავი გავიგეთ, უკვე წაყვანილი იყო. ხმა არ გამიგია, თუმცა როგორც ვიცი  20:00 საათიც არ  იყო ეს ამბავი რომ მოხდა, არ ბნელოდა. მოსაკლავად იმეტებდნენ. თავი დაზიანებული აქვს, კისერი, გულმკერდი და ფილტვი გახეული. სულ პატარაობიდანვე ტანჯულია ეს ბიჭი. როგორ ამოძირკვეს ზვიადის ოჯახი,“ – განუცხადა „მედიაცენტრ მთავარს“ მეზობელმა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ავტოფარეხთან, სადაც ცოტნე გამსახურდია დაჭრეს, კამერებია დამონტაჟებული. ამის გათვალისწინებით, შესაძლებელია, სამართალდამცავებმა პირების იდენტიფიცირება მოახდინონ.

შეგახსნებთ, რომ საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი ცოტნე გამსახურდია თბილისში, გუშინ ვერაზე დაჭრეს. ცოტნე გამსახურდია საავადმყოფოშია გადაყვანილი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა რთულია. მას ჭრილობა  ბასრი საგნით აქვს მიყენებული.

ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 19-108 მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

მარიამ გელაშვილი

მსგავსი თემები