მრავლობითი ტრავმა როგორც თავის ტვინის, ისე თავის ქალას არეში – მძიმედ დაჭრილი ცოტნე გამსახურდია გადარჩა, თუმცა,  მდგომარეობა  რთულია

დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ვაჟის, ცოტნე გამსახურდიას მეორე, ურთულესი ოპერაცია დაახლოებით 7 საათის განმავლობაში გაგრძელდა. როგორც ქირურგი აცხადებს, ჰემატომა ამოღებულია, თუმცა, თავის ტვინის მდგომარეობა ისევ მძიმეა.

როგორც ნეიროქირურგი არჩილ ჯვარშეიშვილი აცხადებს, შესაძლოა, კიდევ ერთი ოპერაციის ჩატარების საჭიროება დადგეს.

“პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. სახეზეა  მრავლობითი ტრავმა გულმკერდის არეში, მრავლობითი ტრავმა როგორც  თავის ტვინის, ისე   თავის ქალას არეში. ძალიან ბევრი ჰემატომა იყო თავის ქალის, როგორც მარჯვნივ, ისე მარცხნივ, დაზიანებული იყო ძვლები ქალა ტვინის, შუბლის წილში და თხემის წილში. 7 საათი მოვუნდით ოპერაციას, ჰემატომები ამოღებულია, დადრენირებულია. ტვინის მდგომარეობა, ტვინის რელაქსაცია ასე ვთქვათ, ოპერაციის ბოლოს, გემატომის მოშორების შემდეგ, იყო დამაკმაყოფილებელი და პაციენტი გადაყვანილია რეანიმაციაში, ხელოვნურ სუნთქვაზე, რაზეც დარჩება რამოდენიმე დღე“ – განაცხადა არჩილ ჯვარშეიშვილმა.

ქირურგები აცხადებენ, რომ ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, თუმცა, საერთო მდგომარეობა ისევ სარისკოა.

„მიუხედავად იმისა, რომ ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, ჰემატომა ამოვიღეთ და თავის ტვინის მდგომარეობა ასე თუ ისე იყო დამაკმაყოფილებელი, მდგომარეობა მაინც რჩება მძიმე და რამოდენიმე დღის განმავლობაში გამოიკვეთება პროგნოზი როგორი იქნება. საფრთხე ემუქრება რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ საფრთხემ უკვე ჩაიარა. შესაძლოა, დასჭირდეს კიდევ ოპერაცია როგორც თავზე, ისე გულმკერდზე. ამას ყოველდღიური მონიტორინგი გვაჩვენებს. გვეყოლება ძილში რამდენიმე დღე. ყოველდღიური მონიტორინგი იქნება კომპიუტერული ტომოგრაფიით და ყველაფრით, ყველა რესურსით, რაც კლინიკაში გვაქვს და ყველაფერი გვაქვს, რისი საჭიროებაც არის. დანარჩენი გამოჩნდება ყოველდღიური დაკვირვების რეჟიმში,”- აღნიშნა არჩილ ჯვარშეიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ცნობისთვის, ცოტნე გამსახურდია, თბილისში, ვერაზე დაჭრეს. შსს-ს ინფორმაციით,ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

მსგავსი თემები