საქართველოში 8 სახის ვირუსი ცირკულირებს – რა რეკომენდაციები აქვთ ექიმებს?

საქართველოში ბოლო 2 თვის მონაცემებით დაახლოებით, 8 სახის ვირუსი ცირკულირებს. სეზონურ გრიპებს შორის ყველაზე მეტი B ტიპის ვირუსი დაფიქსირდა, ასევე გამოვლინდა H1 და H3 ტიპის ვირუსიც. დაავადებათა კონტროლის ცენტრში ამბობენ, რომ მოსახლეობას პანიკის საფუძველი არ აქვს, ვინაიდან ავადობა 2019 წელს წინა წელთან შედარებით 20%-ით ნაკლებია.

როგორც “მედიაცენტრ მთავარს” დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ განუცხადა, გრიპი ჯერჯერობით კიდევ არ არის წამყვანი ვირუსი, თუმცა მატების პერიოდი სავარაუდოდ, დეკემბრის ბოლომდე გაგრძელდება:

„ზამთრის დადგომასთან ერთად, მოდის ზამთრის ვირუსები. მატება დაწყებულია, უკვე ორი კვირაა, თუმცა ავადობის მაჩვენებელი ჯერჯერობით, გაცილებით ნაკლებია, ვიდრე იყო შარშან და შარშანწინ. ჰოსპიტალიზაცია გაცილებით ნაკლებია, ვიდრე გასულ წლებში. გრიპი ჯერ არ არის წამყვანი ვირუსი, თუმცა უკვე მისი სამივე ქვეტიპი გამოჩნდა, – წამყვანი B ტიპის ვირუსია, ცირკულირებს ასევე, H1 და H3  ტიპის გრიპის ვირუსი. თუმცა წამყვან ვირუსად ჯერჯერობით, რჩება რინობირუსი, ანუ უფრო სურდოთი, გაცილებით მსუბუქად მიმდინარე ვირუსი. გარდა რინოვირუსისა, ასევე ცირკულირებს რესპირატორული ვირუსი, ადენოვირუსები და ენტეროვირუსები”, – აღნიშნავს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი.

სეზონური გრიპით ამ ეტაპზე იაშვილის კლინიკაში 10-მდე პაციენტი მკურნალობს, ინფექციურ საავადმყოფოში კი 8 ადამიანი. არის დაგვიანებული მიმართვიანობის შემთხვევებიც.

სეზონური გრიპის შემთხვევები ფიქსირდება ბაღებსა და სკოლებში. ძირითადი სამიზნე ჯგუფი დაწყებითი კლასებია, თუმცა პედაგოგების ინფორმაციით, გასულ წელს ავადობის მაჩვენებელი ბავშვებში გაცილებით მაღალი იყო. პიკურ პერიოდს სასწავლო დაწესებულებები თებერვლის თვეში ელოდებიან.

გრიპის სეზონთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ მომზადებულები არიან. მინისტრის მოადგილის თქმით, მედიკამენტების რაოდენობა საკმარისია, თუმცა მოსახლეობას ურჩევს, რომ გრიპის საწინააღმდეგო აცრები ჩაიტარონ.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი მოსახლეობას რეკომენდაციას აძლევს, ვაქცინაცია ზამთრის სეზონის დაწყებამდე გაიკეთონ, რადგან იმისათვის, რომ იმუნიტეტი გამოიმუშავოს, ვაქცინას გარკვეული დრო სჭირდება:

„აცრა ყოველთვის შეიძლება, მთელი სეზონის განმავლობაში.  მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ უმჯობესია, დავამთავროთ ის სეზონის დასაწყისამდე, ვიდრე პიკი იქნება, რადგან, შეიძლება აიცრა და მეორე დღეს გრიპი დაგემართოს, როცა სეზონია, იმიტომ რომ ვაქცინას იმუნიტეტის გამოსამუშავებლად, 10 დღიდან – ორი კვირამდე სჭირდება.  აცრები და მეორე დღეს გრიპი დაგემართოს. აცრები უნდა დაიწყო ოქტომბრის ბოლოს,“ – განუმარტა პაატა იმნაძემ “მედიაცენტრ მთავარს”.

ექიმების რეკომენდაციის მიხედვით, გრიპის სიმპტომების გამოვლენისთანავე პაციენტმა სამედიცინო დაწესებულებებს დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს. ჯანდაცვის სამინიტროს ინფორმაციით პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებები 24 საათიანი რეჟიმში მუშაობენ და პაციენტებს შესაძლებლობა ექნებათ დღე-ღამის ნებისმიერ დროს ოჯახის ექიმს მიმართონ.

მსგავსი თემები