“მოზარდების პერსონალური ინფორმაციის მოპოვება მშობლების ნებართვის გარეშე მოხდა” – ინსპექტორი

“არასრულწლოვანთა კომუნიკაციის ამსახველი ჩანაწერები სკოლის ადმინისტრაციისა და პოლიციის ხელში მშობლების ნებართვის გარეშე, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მოხვდა”, – ამის შესახებ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის უფროსმა, ლონდა თოლორაიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელიც მოზარდის გარდაცვალებისა და ჩვენების იძულების ფაქტზე დაკავებული გამომძიებლის, მარიანა ჩოლოიანის საქმეს ეხება.

როგორც ლონდა თოლორაიამ აღნიშნა, არასრულწლოვანი პოლიციაში გამოცხადდა მშობელთან ერთად, თუმცა პოლიციის განყოფილება მშობელმა დაახლოებით 20 წუთით დატოვა. ამის მიზეზად კი სახელდება ის ფაქტი, რომ მშობელს პოლიციაში გარკვეული მონაცემების მიტანა დასჭირდა.

„დასმული იქნა რამდენიმე კითხვა არასრულწლოვნისთვის, რომლის დეტალების დასაზუსტებლად მშობელს სჭირდებოდა გარკვეული მონაცემების სახლიდან მოტანა. სწორედ ამ მიზნით, მშობელი გარკვეული დროის განმავლობაში გადის პოლიციის დაწესებულებიდან, რათა სახლიდან მოიტანოს გარკვეული მონაცემები, რომლებიც გამოძიებისთვის იყო საინტერესო. ვერ ვიტყვი, რომ მშობელს ტერიტორიის დატოვება აიძულეს“,- განაცხადა თოლორაიამ.

ლონდა თოლორაია ადასტურებს, რომ გამოკითხვის იმ სივრცეში, სადაც არასრულწლოვნის დაკითხვა მიმდინარეობდა, გამომძიებლის გარდა პოლიციის სხვა თანამშრომლებიც იმყოფებოდნენ, თუმცა თოლორაია ამბობს, რომ მათი იქ ყოფნის მიზანი დაზუსტებული არ არის.

„ჩანაწერებში ჩანს, რომ გამომძიებლის მაგიდასთან, მათ შორის ახლოს, მოძრაობენ ასევე პოლიციის სხვა თანამშრომლები. ვიდეოჩანაწერებში მათი ხმა არ ისმის. შეუძლებელია სიტყვიერად იმის გაგება, რას ემსახურებოდა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედების ჩატარების დროს პოლიციის თანამშრომელთა ადგილზე მისვლა. სწორედ ამიტომ, გრძელდება გამოძიება, რასაც სჭირდება შესაბამისი მტკიცებულებები და ეს მტკიცებულებები უნდა იყოს ერთობლიობაში. ერთი ჩვენება, ერთი მტკიცებულება არ არის საკმარისი ასეთი მნიშვნელოვანი მძიმე დანაშაულისთვის პირს წაუყენო ბრალი ან მიიღო მისი პატიმრობის გადაწყვეტილება“,- განაცხადა თოლორაიამ.

მსგავსი თემები