“ხვალინდელი დღე იქნება გადამწყვეტი. ჩვენ უნდა დავიწყოთ საერთო ეროვნული წინააღმდეგობის მოძრაობა” – გიორგი ვაშაძე

“ხვალინდელი დღე იქნება გადამწყვეტი, ჩემთვის პირადად, იმისთვის, რომ იანვრიდან დავიწყოთ საერთო ეროვნული წინააღმდეგობის მოძრაობა, – ამის შესახებ “ახალი საქართველოს” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მან საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მმართველ პარტიასთან ხვალ დაგეგმილ მოლაპარაკებათა ე.წ. მეოთხე რაუნდის შესახებ ისაუბრა.

„ან „ქართული ოცნება” არის ადეკვატური, ადეკვატურად უყურებს ქვეყანაში შექმნილ უკიდურესად მძიმე ვითარებას ან არის არაადეკვატური და რაღაც სისულელეს მოიტანს. ჩვენ მივეცით მათ კიდევ ვადა, რაც თვითონ ითხოვეს და ველოდებით პასუხს. ტექნიკურ დეტალებში რომ არ შევიდე, საკითხი ეხება საქართველოს მომავალს, რომლის მოსპობაში დამნაშავე არის „ქართული ოცნება“. ამ მომავლის საბოლოო მოსპობის წინააღმდეგობის მექანიზმი უნდა შევქმნათ. ან იქნებიან ადეკვატურები ან არაადეკვატურები. მე იმედი მაქვს, რომ ამ მძიმე ვითარებაში მაინც იოტისოდენად გაიღვიძებს მათი ადამიანობა და ქვეყანაზე ფიქრის კომპონენტი“,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

როგორც მან აღნიშნა, საარჩევნო სისტემაზე ხვალინდელი შეხვედრა მისთვის გადამწყვეტი იქნება.

„ხვალინდელი დღე იქნება გადამწყვეტი ჩემთვის პირადად, რათა იანვრიდან, მე კოლეგებსაც ვესაუბრე ამასთან დაკავშირებით, ჩვენ უნდა დავიწყოთ საერთო-ეროვნული წინააღმდეგობის მოძრაობა. ეს არის სრულიად სხვა შინაარსის, მასშტაბის და სხვა კომპონენტებისგან შემდგარი. უნდა დავამთავროთ „ქართული ოცნება”, რადგან საქართველოს დღეს ყოველდღიურად რაღაც კატასტროფა სჭირს. ამ უბედურების ერთადერთი წარმომავლობა არის „ქართული ოცნება“.  ეს უბედურება თუ არ მოვიშორეთ, არ დამთავრდება ქვეყანაში რაც ხდება, უფრო და უფრო მეტი იქნება. ამ უბედურებას აქვს ერთი სახელი – „ქართული ოცნება“ და უნდა დავამთავროთ. რა იქნება, ამას ნახავენ თვითონაც და ნახავს საქართველოს თითოეული მოქალაქე”,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციის  შეკრება დასრულდა. პარტიების ლიდერებმა სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს. მათი თქმით, პროტესტი გაგრძელდება და კვირას აქცია ბათუმში გაიმართება.

მსგავსი თემები