სახიფათო კამპანია და სუიციდის წახალისება – შეფასებები წარწერებით აჭრელებულ ქალაქზე

  •  

ფსიქოლოგები, ფსიქოთერაპევტები, განათლების მკვლევარები და პოლიტიკოსები, სუიციდის წახალისების კამპანიაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ იმ წარწერებითა და ფრაზების ატაცებით, რაც მასიურია, ქმედების წახალისება ხდება. “მედიაცენტრი მთავარი” გთავაზობთ შეფასებებს, რომელიც სწორედ იმ წარწერებს, ეხება, რომელიც მთელ ქალაქს მოედო.

ფსიქოთერაპი ბარბარე ჭკუასელი: “როდესაც კონკრეტული ფრაზა მასიურ ხასიათს იღებს, ყოველთვის კარგავს იმ ძირითად მუხტს, რაც იყო მასში კონკრეტული ადამიანისგან ჩადებული, რადგან აღქმა ზოგაგად ძალიან სუბიექტურია. როდესაც დაიწყო ამ ფრაზების გავრცელება, მე ვფიქრობ, თავიდან მიზანი იყო ის, რომ პატივი გვეცა ამ ბავშვის პროტესტის უფლებისთვის, თუმცა საბოლოოდ ისეთი მასიური ხასიათი მიიღო,  უნდა შევეცადოთ, არ მოხდეს მისი რომანტიზება და წახალისება.“

განათლების მკვლევარმა რევაზ აფხაზავა: “ეს არ არის პოზიტიური მესიჯი იმ ბავშვებისთვის, რომლებიც ახლა რთულ სიტუაციაში იმყოფებიან და არც საზოგადოებისთვის. განსაკუთრებული სიფრთხილე გვმართებს, როცა ასეთ მგრძნობიარე საკითხებს ვეხებით. სიფრთხილე გვმართებს განსაკუთრებით, როცა ეს დაკავშირებულია მოსწავლეებთან და რთული გარდატეხის ასაკში მყოფ ახალგაზრდებთან.”

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე: “ყურადღება მინდა გავამახვილო იმ საინფორმაციო კამპანიაზე, რომელიც მიმდინარეობს ამ შემთხვევის გარშემო და კიდევ ერთხელ მივმართო ჩვენს თანამოქალქეებს, რომელიც აორგანიზებდნენ პროტესტის ძირითად აქტივობებს. ნუ მოვუწოდებთ ბავშვებს ნიჰილიზმისკენ, ნუ  ვაშინებთ ბავშვებს მომავლით, ნუ ვეუბნებით, რომ ცხოვრება არის საშინელი. ეს არის ძალიან სახიფათო გზავნილი და მითუმეტეს, როცა ამ გზავნილს იმეორებენ უფროსები, ადამიანები, ვისიც სჯერათ ბავშვებს. ვეუბნებით ბავშვებს, რომ ცხოვრება არის საშინელი და ვეუბნებით, რომ საზოგადოებაში, ამ ქვეყანაში პრაქტიკულად პოზიტივის ადგილი არ არის, მათი ადგილიც არ არის. ეს არის ცალსახად არასწორი გზავნილი და ყველანი უნდა დავფიქრდეთ, სანამ ასეთი ტიპის კამპანიას დავგეგმავთ. ამის პოპულარიზაციით, სუიციდის ფაქტების პოპულარიზაციით, სამწუხაროდ სხვა მოზარდებიც და ადამიანებიც ინტერესდებიან და იმეორებენ ქცევას, რომელიც ჩვენთვის მიუღებელია. “

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე: “ორი პრობლემის წინაშე ვდგავართ.  პირველი – სუიციდის შემთხვევები, რომელიც სამწუხაროდ ხშირია და მეორე – თავად ამ შემთხვევების მედიასაშუალებებით გაშუქების საგანგაშო მდგომარეობა და ამ ემოციით საზოგადოებაში სიძულვილის გაღვივების მცდელობა, რაც ამავე საზოგადოებისთვის სახიფათოა. ეს არის ადამიანის განსაკუთრებული ფსიქიკური მდგომარეობა, რომელიც საინფორმაციო პროპაგანდის შედეგად შესაძლოა დასაშვები და მაპროვოცირებელი გახდეს სხვისთვისაც. ასევე, ეს განსაკუთრებით დამთრგუნველია მსმენელისთვის. რა თქმა უნდა, ამ პრობლემას მედიასაშუალებები ვერ მოაგვარებენ, ამაზე სახელმწიფომ უნდა იზრუნოს ყველა მიმართულებით, მაგრამ მედია, როგორც საზოგადოებრივი აზრის შემქმნელი, ყველაზე მძლავრი საშუალება, ხელს უწყობს ადამიანის ცნობიერებაში ამ ფაქტის დაშვებადობას და შესაძლოა ეს მდგომარეობა ვიღაცისთვის წამახალისებელი აღმოჩნდეს.”

ბავშვთა ფსიქოლოგი ნინო გოგიჩაძე: “ამ სიტყვების ატაცება და ამ სიტყვების გამოყენება სისტემური ცვლილებების გატარების ფლაგმანად სრულიად არასწორი მიმართულებაა. ამ ტრაგიკულ მოვლენაზე არ უნდა იყოს აგებული სისტემური ცვილების გატარება. შესაძლოა, ეს ფაქტი გარკვეულმა პოლიტიკურმა ძალებმა სისტემური ცვლილებების გატარების ფლაგმანადაც აქციონ და პირდაპირ ქმედების მოწოდებისკენ გადავიდნენ. მოზარდის მიერ დაწერილი ფრაზის ასე ატაცება, ამ სიტყვების ავტორის წარმოჩენა როგორც სისტემური ცვლილებების გამტარებლად არაა სწორი.
მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებმა დაინახონ, რომ მოზარდის თვითმკვლელობა არაა ის საქციელი, რომელიც ეხმარება ვითარების გამოსწორებას. არსებობს ეპიდემიის საშიშროება, როცა მოზარდების გარკვეულმა ნაწილმა ჩათვალოს, რომ მსგავსი ფაქტი სიტუაციიდან გამოსავალია. ამ ფრაზების ატაცებითა და ქალაქის აჭრელებით ქმედების წახალისება ხდება, ეს ძალიან ცუდია. აღიარება, პოპულარობა, სალაპარაკო ხდება, გასარჩევი ხდება, თემა ნეგატიური კი არის, თუმცა, პიარია და ზოგიერთი მოზარდისშვის, მსგავსი საქციელი ხდება მისაბაძი, რაც ძალიან, ძალიან ცუდია. “

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია: “ვფიქრობ, რომ დღეს არ არის დრო ტრაგიკული მოვლენების პოლიტიზირების, დღეს არის დრო კონკრეტული ნაბიჯების, რათა ის, რასაც სახელმწიფო აკეთებს განათლების გაუმჯობესების და სისტემური რეფორმის მიმართულებით, ყველაფერი, რაც ეხება მოზარდებზე, ახალგაზრდებზე ზრუნვას, იყოს კიდევ უფრო ეფექტური, შედეგიანი და თავიდან აგვარიდოს მსგავსი ტრაგიკული მოვლენები“.


მსგავსი თემები