“სასოწარკვეთილი ვიყავი, არავინ მყავდა, ვინც დამეხმარებოდა”- დედა, რომელმაც ჩვილი ნაგავში გადააგდო

  •  

ახალგაზრდა ქალი, რომელმაც გუშინ, 18 დეკემბერს, საბერძნეთში, ქალაქ კალამატაში საკუთარი ჩვილი ბავშვი ნაგავში გადააგდო, ამბობს, რომ ამ მოქმედების მიზეზი მისი უკიდურესი სასოწარკვეთა იყო.

„სასოწარკვეთილი ვიყავი, არავინ მყავდა, ვინც დამეხმარებოდა, მარტო ვარ“, – განაცხადა ქალმა, რომელიც, ბერძნული მედიის ცნობით, საქართველოდანაა. იგი პოლიციამ იმავე დღეს, მეგობრის სახლში დააკავა.

შემთხვევა ქალაქ კალამატაში 18 დეკემბერს, გამთენიისას მოხდა. დაახლოებით დილის ექვს საათზე, ბავშვის ტირილის ხმა გაიგონა ქალმა, რომელიც ნაგავს ყრიდა. მან გამვლელებს უხმო საშველად, თუმცა, როგორც თავად უამბო ჟურნალისტებს, მას არ დაუჯერეს და უთხრეს, რომ ხმა კატის კნუტის იყო და არა ბავშვის. „არ მივატოვე, ტელეფონი თან არ მქონდა რომ დამერეკა, რომ წავსულიყავი და ვინმესთვის საშველად მეხმო, შემეშინდა რომ ურნაში ნაგვის პარკებს ჩაყრიდნენ და ბავშვი დაიღუპებოდა“, – უთხრა მან ჟურნალისტებს. საბოლოოდ, ქალს გამვლელები დაეხმარნენ, რომელთაც პოლიცია გამოიძახეს.

ახალშობილი ბიჭია. იგი კალამატას საავადმყოფოში გადაიყვანეს. მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

კალამატას მერმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ახალშობილი იღბლიანი აღმოჩნდა, რადგან 18 დეკემბერს შემოვლა დააგვიანდათ დასუფთავების მანქანებს, რომელთაც ქალაქიდან ნაგავი გააქვთ. ნაგავი ქალაქის დასუფთავებისას იპრესება და ისე გადააქვთ, მანქანის ხმაურში კი დასუფთავების თანამშრომლები ბავშვის ხმას ვერ გაიგებდნენ.

მსგავსი თემები