“უამრავი ადამიანი განიცდის ბულინგს სკოლაში, ბევრი ბავშვია ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი” – განათლების მკვლევარი

  •  

განათლების მკვლევარი რევაზ აფხაზავა თვლის, რომ უკანასკნელ დღეებში დატრიალებული ტრაგიკული შემთხვევის ობიექტური გამოძიება ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ არ არის საკმარისი პირობა ზოგადი სიტუაციის გამოსასწორებლად, რადგან უამრავი ადამიანი განიცდის ბულინგს სკოლაში და ძალიან ბევრი ბავშვია ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი. აღნიშნულ საკითხზე რევაზ აფხაზავამ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

მისივე განმარტებით, ბავშვების უმეტესობას, მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო, არ ჰყავს თანამგრძნობი, ვისაც თავის პრობლემებს გაუზიარებს და ამ შემთხვევაში სკოლა მაქსიმალურად უნდა იყოს მობილიზებული, რათა მოხდეს პრობლემის დროულად შემჩნევა და იდენტიფიცირება:

„საქმის ობიექტური სამართლებრივი გამოძიება ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს არ არის საკმარისი პირობა იმისათვის, რომ სიტუაციის გამოსწორებაზე და კომპლექსურ მიდგომებზე ვიფიქროთ, რადგან უამრავი ადამიანი განიცდის ბულინგს სკოლაში, ძალიან ბევრი ბავშვია ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი. ოჯახებში, სამწუხაროდ, ძალიან ბევრ ბავშვს არ ჰყავს ადამიანი, რომელსაც ენდობა და დაელაპარაკება, იმიტომ, რომ მშობლების დიდი ნაწილი ამ სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორიდან გამომდინარე, ან არ არის საერთოდ ქვეყანაში, ან არის დღე და ღამე სამსახურში. სკოლაშიც რომ მიდიან ეს ბავშვები, იქაც არ ჰყავთ არავინ ხმის გამცემი, დამლაპარაკებელი და ჭირ-ვარამის გამზიარებელი. საბოლოო ჯამში კი, ვიღებთ ასეთ შედეგს. ამიტომ უნდა იყოს ძალიან მიზნობრივი პროგრამები სკოლაში. სკოლა უნდა იყოს მაქსიმალურად მობილიზებული, რათა პრობლემის სწორად შემჩნევა და იდენტიფიცირება მოხდეს.

მასწავლებლებს ხელფასი არ უნდა ეძლეოდეთ მარტო გაკვეთილის ჩატარებაში. დღეს მასწავლებლების უმეტესობას აქვს განცდა, რომ საათების მიხედვით ხდება მისი ანაზღაურება. საათი ნიშნავს გაკვეთილს, ანუ გაკვეთილებში აძლევენ ფულს და მათი ვალდებულება ზარის დარეკვასთან ერთად მთავრდება. ეს ასე არაა. მიუხედავად იმისა, რომ ანაზღაურება დაბალია და ამაზე სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს, მასწავლებლებმა მეტი დრო უნდა გაატარონ მოსწავლეებთან არასაგაკვეთილო სივრცეში. წრეები, კლუბები უნდა არსებობდეს სკოლებში. ტარდებოდეს მიზნობრივი საგანმანათლებლო ექსკურსიები და ა.შ. ეს ძალიან უწყობს ხელს ჯანსაღი კლიმატის ჩამოყალიბებას. გარდა ამისა, მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შორის არის თაობრივი უფსკრული, რის გამოც ისინი ერთ ენაზე ვეღარ საუბრობენ,“ – აცხადებს რევაზ აფხაზავა.

განათლების მკვლევარის განმარტებით,  რთულ სიტუაციაში აღმოჩნდენ თბილისის „მწვანე სკოლის“ მოსწავლეები, რომლებიც განვითარებული მოვლენების უშუალო თვითმხილველები არიან:

„სკოლა არ ნიშნავს მხოლოდ მასწავლებლების და ადმინიტრაციის ერთობას, სკოლა პირველ რიგში არის – მოსწავლეები და დღეს ამ სკოლის მოსწავლეები არიან ძალიან მძიმე მდგომარეობაში. იმის მაგივრად, რომ მათ გვერდში დგებოდნენ, დღეს საზოგადოების დიდი ნაწილი ამ სკოლის უმისამართო დევნითა და ბულინგითაა დაკავებული, რაც ასევე, უარყოფითად აისახება თითოეულ მოსწავლეზე,“- განაცხადა რევაზ აფხაზავამ „მედიაცენტრ მთავარში“.

მსგავსი თემები