„განათლების სისტემა მოწყობილია საბჭოთა ციხეებისა და ქარხნების მსგავსად“ – განათლების მკვლევარი

განათლების მკვლევარმა რევაზ აფხაზავამ „მედიაცენტრ მთავარში“, განათლების სისტემის პრობლემებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სისტემა საბჭოთა ციხეებს ჰგავს, საიდანაც ყველა გარბის.

„მნიშვნელოვანია, ჟანდარმული წესების ნაცვლად, მეტი ვიფიქროთ, რომ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს, მოსწავლეებსა და სკოლას შორის იყოს მეტი კავშირები, არაფორმალური ურთიერთობა. მასწავლებლების სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, სკოლა არის ზარის დარეკვიდან დარეკავამდე. ბავშვებიც, მხოლოდ ამ მკაცრად ორგანიზებულ გარემოში ურთიერთობენ ერთმანეთთან და მასწავლებლებთან. შემდეგ მასწავლებელიც და მოსწავლეც გარბის სკოლიდან. როგორც საბჭოთა ციხეებსა და ქარხნებში იყო, ასეა მოწყობილი სისტემა“ – განაცხადა რევაზ აფხაზავამ „მედიაცენტრ მთავარში“.  

მისივე შეფასებით, სწორედ ბავშვებთან გაუცხოება და მენტორული დამოკიდებულება იწვევს ბევრ პრობლემას და მათ შორის სუიციდსაც.

„ნაცვლად იმისა, რომ ამ ადამიანებმა მეტად გაიცნონ ერთმანეთი, პირიქით ხდება. დამრიგებლების პრობლემაა ძალიან ხშირად. დამრიგებლობის დანამატს მასწავლებლები ხშირად იმიტომ იღებენ, რომ მცირე ხელფასი ცოტათი შეივსონ, მაგრამ, დამრიგებლობის დანამატთან ერთან, მათ უამრავი გაკვეთილი აქვთ, რაც არ აძლევთ საშუალებას, მეტი ურთიერთობა ჰქონდეთ თავის მოსწავლეებთან, იცოდნენ ვის რა უჭირს, რა პრობლემა აქვს, ვისთან აქვთ კონფლიქტი, სიმპათია აქვს და ა.შ. ასეთი ტიპის ინფორმაციის არ არსებობა,  ბავშვებთან გაუცხოება და მენტორული დამოკიდებულება იწვევს ზუსტად სერიოზულ პრობლემებს, მათ შორის სუიციდსაც“ – განაცხადა განათლების მკვლევარმა „მედიაცენტრ მთავარში“.  

მსგავსი თემები