“სუიციდის მცდელობა და მიდრეკილება გადამდებია” – ფსიქოთერაპევტი

„ზოგადად, სუიციდის მცდელობა და მიდრეკილება ძალიან გადამდებია, არ უნდა მოხდეს ასეთი ფაქტების ფართოდ გავრცელება და რომანტიზირება. ყველაზე მთავარია, დავიწყოთ იმაზე ფიქრი, როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ მოზარდს, როგორ შეგვიძლია სწორად დავუჭიროთ მხარი“ – ამის შესახებ კავკასიის გეშტალტთერაპიის და ოჯახური ფსიქოთერაპიის ინსტიტუტის აღმასრულებელმა დირექტორმა, კლინიკურმა ფსიქოლოგმა, ევროპული აკრედიტაციის მქონე გეშტალტთერაპევტმა ბარბარე ჭკუასელმა „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა.

ფსიქოლოგი თბილისის „მწვანე სკოლაში“ მომხდარი ინცინდენტის შედეგად მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ფრაზები, რომლითაც აჭრელებულია ქალაქი, შესაძლოა, გარკვეული სუბიექტებისთვის მსგავსი ფაქტების წახალისებადაც ჩაითვალოს:

„ამ თემაზე საუბარი არის ძალიან საფრთხილო, რადგან ნებისმიერი შინაარსი, რასაც ჩვენ მასში ჩავდებთ, შეიძლება თითოეულმა ადამიანმა თავისებურად გაიგოს. ძალიან ფრთხილად უნდა ვისაუბროთ ამ თემაზე, იმისათვის, რომ ისევ და ისევ რაღაცის წახალისება არ მოხდეს. როდესაც კონკრეტული ფრაზა მასიურ ხასიათს იღებს, ყოველთვის კარგავს იმ ძირითად მუხტს, რაც იყო მასში კონკრეტული ადამიანისგან ჩადებული, რადგან აღქმა ზოგაგად ძალიან სუბიექტურია. როდესაც დაიწყო ამ ფრაზების გავრცელება, მე ვფიქრობ, თავიდან მიზანი იყო ის, რომ პატივი გვეცა ამ ბავშვის პროტესტის უფლებისთვის, თუმცა საბოლოოდ ისეთი მასიური ხასიათი მიიღო,  უნდა შევეცადოთ, არ მოხდეს მისი რომანტიზება და წახალისება,“- აცხადებს ფსიქოლოგი.  

მისივე განმარტებით, მოზარდობის კრიზისი ყველაზე რთული და ხანგრძლივად გადასალახია და მათი პროტესტიც არის ბუნებრივი, პრობლემა კი არის თითოეულ ჩვენგანში, ვისგანაც მოზარდი დახმარებას ელის:

„პროტესტის გამოხატვა თინეიჯერისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა უნდა იცოდეს თითოეულმა მათგანმა, რომ ადამიანები რომლებიც ვართ მათი მშობლები, მასწავლებლები, შეგვიძლია, რომ მათ მოვუსმინოთ. ანუ ცხოვრება უფრო მეტია, – ვიდრე პროტესტი, ცხოვრება უფრო მეტია, – ვიდრე რაიმე კონკრეტული პრობლემა. ყველაფრის მოგვარებაა შესაძლებელი, მთავარია, სწორად მივუდგეთ საკითხს. ზოგადად, სუიციდის მცდელობა და მიდრეკილება ძალიან გადამდებია, არ უნდა მოხდეს მსგავსი ფაქტების გავრცელება და არ უნდა მოხდეს ამის რომანტიზირება. ყველაზე მთავარია, დავიწყოთ იმაზე ფიქრი, როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ მოზარდს, როგორ შეგვიძლია სწორად დავუჭიროთ მას მხარი.

მე არ ვხედავ პრობლემას მხოლოდ ერთ რომელიმე კონკრეტულ რგოლში, მაგარლითად, ოჯახში, სკოლაში, სისტემაში და ა. შ. მე ვფიქრობ, რომ ყველაფერშია პრობლემა ერთდროულად, მათ შორის ჩემში, თქვენში და ყველაში დანარჩენ საზოგადოებაში. ჩვენ შეგვიძლია, ყველამ ერთად დავიწყოთ მუშაობა ამ საკითხზე, რადგან მოზარდობის ასაკი არის ყველაზე ხანგრძლივი კრიზისული პერიოდი ადამიანის ცხოვრებაში. ეს არის ყველაზე რთული და ხანგრძლივი კრიზისი. ვითარდება ჰორმონალური დისბალანსი ორგანიზმში და ბავშვები ნაკლებად მართვადი ხდებიან, მეტად ფეთქებადი ხდებიან. ამიტომ პროტესტი არის ძალიან ბუნებრივი რეაქცია ამ ასაკისთვის, მთავარია, ჩვენ როგორ მივუდგებით და როგორ მოვუსმენთ მოზარდს, რომელსაც აქვს პროტესტი,“ – განაცხადა ბარბარე ჭკუასელმა „მედიაცენტრ მთავართან“.

მსგავსი თემები