უცხოელ „ვიზიტორთა“ რაოდენობა 88%-ით გაიზარდა 

გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე უცხოელ „ვიზიტორთა“ რაოდენობა 88%-ით გაიზარდა.
სააგენტოს ინფორმაციით,  2018 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, წინა წელთან შედარებით, საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე „ვიზიტორთა“ რაოდენობა სულ 39%- ით გაიზარდა და 55 490 შეადგინა, მათ შორის 56% ქართველია, ხოლო 44% უცხოელი.
მათი ცნობით, საერთაშორისო „ვიზიტორებიდან“ დაცულ ტერიტორიებს ყველაზე მეტი ვიზიტორი ესტუმრა გერმანიიდან, ისრაელიდან, გაერთიანებული საამიროებიდან, ინდოეთიდან და რუსეთიდან.
“2018 წლის 3 თვის მონაცემებით ყველაზე მეტი ვიზიტორი ესტუმრა: თბილისის ეროვნულ პარკს; პრომეთეს მღვიმეს; ყაზბეგის ეროვნულ პარკს; ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკს; სათაფლიას. ვიზიტორთა რაოდენობა გაორმაგდა მაჭახელას, კინტრიშისა და ჯავახეთის ეროვნულ პარკებში. მნიშვნელოვნად გაიზარდა ვიზიტორთა რიცხვი მტირალასა და თბილისის ეროვნულ პარკებში, მარტვილის კანიონში და სათაფლიაში“, – აცხადებენ  გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოში.

მსგავსი თემები