“გუშინ მთელი ღამე ვფიქრობდი – რატომ? რისი გულისთვის? სიყვარულის უნარი დავკარგეთ” – კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე 15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების გამო, მწუხარებას გამოთქვამს. 

დედაქალაქის მერმა მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე გარდაცვლილის ოჯახს, მეგობრებსა და ახლობლებს სამძიმარი გამოუცხადა. 

“მინდა, მივუსამძიმრო ოჯახს, ახლობლებს, მის მეგობრებს და სრულიად საქართველოს. ჩვენი სამძიმარი  და გულისტკივილი  ლუკას ვერ დააბრუნებს. უბრალოდ  მინდა  ყველამ გავიხსენოთ როგორები ვიყავით 15  წლის ასაკში. ყველას გამოვლილი გვაქვს ეს ასაკი და ყველას შეგვიძლია გავიხსენოთ, თუ რამხელა  ენერგია, ემოციები დუღდა  თითოეულ ჩვენგანში, რამდენად რთულად გვეჩვენებოდა  ცხოვრება და თითოეული მოვლენა, რომელიც ჩვენს ირგვლივ იყო დიდი გამოწვევა და ხშირად შეიძლება ითქვას, ბრძოლაც კი. 

ლუკაც  ასეთი იყო გარდატეხის ასაკში, რომელიც დაეჯახა გაუცხოებას, გულგრილობას, არაპროფესიონალიზმს. ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი. გუშინ მთელი ღამე ვფიქრობდი – რატომ? რისი გულისთვის? შეიძლება ითქვას, რომ არ არსებობს თანაგრძნობა და სიყვარულის უნარი დავკარგეთ. მხოლოდ სიძულვილი და აგრესიაა მოზარდების ირგვლივ – ამას ხედავენ და ამასთან ერთად უწევთ ცხოვრება, რაც ძალიან ცუდია. როცა ბავშვი იღუპება, მგონია, რომ ამაში დამნაშავე მთლიანად საზოგადოება ვართ – ჩვენ, ყველანი, იმიტომ, რომ ოჯახი, სკოლა და ასევე, სახელმწიფო ერთნაირად არის პასუხისმგებელი მომავალ თაობაზე. კიდევ ერთხელ მინდა, მივუსამძიმრო ლუკა სირაძის ოჯახს“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

მსგავსი თემები