დეპუტატთა ნაწილი ცვლილებების საჭიროებას ვერ ხედავს, ნაწილი  კი პირიქით  

დაახლეობით 4 საათია, „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობისა და მინისტრთა კაბინეტის წევრების შეხვედრა ამ დრომდე გრძელდება. დადასტურებულია, რომ შეხვედრის ერთ-ერთი თემა ქვეყანაში ბოლო პერიოდში შექმნილი ვითარება, საპროტესტო აქციებია და გამოსავალია. დაუდასტურებელი ინფორმაციით კი, რომელზე საუბრისგან მინისტრთა კაბინეტის წევრები და დეპუტატები თავს იკავებენ, მოსალოდნელი სამთავრობო ცვლილებებიც განიხილება.

სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით ინფორმაცია თვეებია გრძელდება და ეს პროცესი საპრეზიდენტო არჩევნებამდე უნდა მომხდარიყო, თუმცა, შექმნილმა ვითარებამ ცვლილებები დააჩქარა.

გავრცელებული ინფორმაციით, შეიცვლება პრემიერ მინისტრი და მას ამჟამინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ჩაანაცვლებს. განიხილება კულტურისა და სპორტის მინისტრის – მიხეილ გიორგაძის საკითხიც. სავარაუდოა იუსტიცის მინისტრ თეა წულუკიანის ჩანაცვლებაც.

რაც შეეხება შეფასებებს, დეპუტატთა ნაწილი აცხადებს, რომ ცვლილებების საჭიროებას ვერ ხედავს, ნაწილი კი ამბობს, რომ ცვლილებების დროა.

ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძის შეფასებით, სამთავრობო ცვლილებების საჭიროება არ არსებობს. „ცვლილებები, სიახლე და განახლება ზოგადად ყოველთვის საჭიროა. თუ კონკრეტულ მინისტრებზე მეკითხებით, მკვეთრი და რადიკალური ცვლილებების საჭიროებას ვერ ვხედავ. როგორც გუნდი ჩათვლის საჭიროდ, ისე გადაწყდება“ – აღნიშნა აკაკი ზოიძემ  „მთავართან“ საუბრისას.

ფრაქცია „ქართული ოცნება – სოციალისტების“ თავმჯდომარის მოადგილე ბექა ნაცვლიშვილი კი ამბობს, რომ ცვლილებები ადრეა: „

„მომხდართან დაკავშირებით ვერ ვიტყვი, რომ ამ ეტაპისთვის კონკრეტული მინისტრების პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს. ამ ეტაპზე საკითხი ასე არ განიხილება. მუშაობს ყველა ვისაც საქმის გამოძიება ეხება და თუ გადაცდომები გამოიკვეთება და დადასტურდება,  პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე შესაძლოა ამის შემდეგ ვისაუბროთ.  ნაადრევია საუბარი,  ვინ უნდა დატოვოს პოსტი და ვინ არა“ – ასეთია ბექა ნაცვლიშვილის პოზიცია.

საპარლამენტო უმრავლესობის უმრავლესობისგან განსხვავებულად ფიქრობს ნუკრი ქანთარია, რომელიც ამბობს, რომ ცვლილებების დროა.

„ ვფიქრობ, ცვლილებების დროა, თუმცა, დღევანდელი შეხვედრა არ ნიშნავს, რომ სამთავრობო ცვლილებები განიხილება. უმრავლესობაში ასეთი შეხვედრა პერიოდულად იმართება და უჩვეულო არაფერია. ჩემი პოზიციით, კი არსებული პროცესებიდან გამომდინარე, ცვლილებების დრო დგება. ნუ დამაკონკრეტებინებთ ვინ და ვისით უნდა ჩანაცვლდეს. პრემიერის დონეზე კი ცვლილებების საჭიროებას ვერ ვხედავ. მიმდინარე პროცესებმა ბევრი რამე გააშიშვლა, აჩვენა ბევრი ისეთი პრობლემა, რომელიც საჭიროებს გადაწყვეტას და არა თვალის დახუჭვას“ – აღნიშნა ნუკრი ქანთარიამ „მთავართან“.

ცვლილებების აუცილებლობაზე ზაქარია ქუცნაშვილიც საუბრობს და აკონკრეტებს, რომ აუცილებელია თვისობრივი ცვლილებები.

„ქართული ოცნების“ ოფისში მიმდინარე შეხვედრას ბიძინა ივანიშვილიც ესწრება. გიორგი კვირიკაშვილის გადადგომის შემთხვევაში, მინისტრთა კაბინეტს უფლებამოსილება უწყდება და პარლამენტმა ახალი კაბინეტი უნდა დაამტკიცოს.

 

მსგავსი თემები