„იქ, სადაც ვაჟა ექიმი ზის, ჩვეულებრივი ციხე არ არის“ – დავით ასათიანი დატყვევებულ ექიმზე (ვიდეო)

  •  

„ჩვენ გვაქვს არაორდინალური, ექსტრემალური სიტუაცია. იქ, სადაც ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ზის, არ არის ჩვეულებრივი ციხე, არც ჩვეულებრივი ტერიტორია და რეგიონია. ეს არის სპეციფიკური რეგიონი, სადაც ჩვენი კანონმდებლობით საგანგებო მდგომარეობაა. თითოეულ გამონათქვამს და მოქმედებას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა“ – ეს განცხადება საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანმა „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა, რომლის დახმარებითაც დატყვევებული ექიმის საქმეში რუსეთის ლიცენზიის მქონე ადვოკატები ჩაერთვნენ.

როგორც დავით ასათიანმა „მედიაცენტრ მთავარში“ აღნიშნა,  მთელი პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება.

„ჩვენი კანონმდებლობითა და საერთაშორისი სამართლით, ამ ტერიტორიაზე ადამიანის უფლებების დარღვევაზე, მთელი პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება. ყველა ის ორგანო, მათ შორის სასამართლო ორგანო, რომელიც მოქმედებს ამ ე.წ. ტერიტორიაზე, უკანონო ორგანოა და რა პროცედურაც ხორციელდება, ასევე უკანონოა. ფაქტია, რომ ეს ადამიანები მიყვებიან იმ უკანონო პროცედურას რაც იქ ხდება და წინა ე.წ. სასამართლოც ამის გამოვლინება იყო. ცხინვალის იზოლატორში ყოფნის ყოველი დღე არის რისკი, მისი ჯანმრთლეობის, სიცოცხლის, მდგომარეობის“ – განაცხადა დავით ასათიანმა „მედიაცენტრ მთავარში“.

ადვოკატის ინფორმაციით, ვაჟა გაფრინდაშვილი სამარტოვო საკანშია მოთავსებული თუმცა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას არავინ ფლობს.

„ის სამარტოვო საკანში ზის. მგონია, რომ  ჩვენ ვერ ვაანალიზებთ რასთან გვაქვს საქმე. ეს არაა ტერიტორია, სადაც რაიმე წესებს რაიმე ექვემდებარება. უსაფრთხოება იქ არაა დაცული. მე ვერ წარმომიდგენია ქართველი ადვოკატი ან სახალხო დამცველი როგორ შეიძლება იქ შევიდეს და რაიმე მოქმედება განახორციელოს. ეს არარეალისტურია. ამაში საჯარო მოხელების ჩართვა წარმოუდგენლად მიმაჩნია. ესაა უსაფრთხოების დიდი რისკი და კარგად უნდა გავიგოთ“ – განაცხადა დავით ასათიანმა „მედიაცენტრ მთავარში“.

შეგახსენებთ რომ ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენცია ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლესთან ერთად გამართა.  

მსგავსი თემები