„შემიძლია, ვაპატიო კიდეც. ეს მისი პრობლემაა“ – დატყვევებული ექიმის მეუღლე საკრებულოს წევრზე

„როდესაც ციხეშია ოჯახის უფროსი, ჩემი მეუღლე დატყვევებულია და  ოჯახში დარჩენილი ვართ მე და ჩემი ორი ქალიშვილი და ის ჩვენ უშვერად გვაგინებს, ამითი არაფერი გვაკლდება“ – ასე უპასუხა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლემ თბილისის საკრებულოს წევრის – ერეკლე კუხიანიძის ბრალდებებსა და სალანძღავ გამონათქვამებს.

როგორც თამილა ლაფანაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ის დაპირისპირებას არავისთან აპირებს და შეუძლია აპატიოს კიდეც.

„პირველივე დღიდან დაიწყო იქაურმა კაგებემ ვაჟა ექიმზე  დეზინფორმაციის გამოქვეყნება. ჩვენმა სახელმწიფო ორგანოებმა, იგივე სუსმა გააკეთა ამაზე განცხადება, რომ ეს არის სრული დეზინფორმაცია და მას არანაირი კავშირი  აქვს ვაჟას დაკავებასთან. არ მინდა, კომენტარი გავაკეთო ამ ბატონზე. უბრალოდ ერთს ვიტყვი. ის, ვინც იმ დეზინფორმაციებს აკოპირებს, მით უმეტეს, ვინც სახელმწიფო მოხელეა, რა გამოდის, უპირისპირდება თავის სახელმწიფოს ნათქვამს? ცოტა დაფიქრდნენ ამაზე. სახელმწიფო მოხელეებს აქვთ თმენის ვალდებულება და უბრალოდ ზნეობა. ჩვენ ვცხოვრობთ კავკასიაში, აქ „ლეკვი ლომისა სწორია“ – ამას ვეთანხმები, გენდერული თანასწორობა ეს ჩემია და ამ იდეებს ვატარებთ, მაგრამ, როდესაც  დატყვევებულია ჩემი მეუღლე და ჩვენ, ოჯახში დარჩენილი ვართ მე და ჩემი ორი ქალიშვილი და ის ჩვენ უშვერად გვაგინებს, ამითი არაფერი გვაკლდება“ – განაცხადა ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლემ „მედიაცენტრ მთავარში“.

მისივე შეფასებით, ის განცხადება, რაც საკრებულოს წევრმა დატყვევებულ ექიმთან დაკავშრებით გააკეთა, მორალთანაც შეუთავსებელი უნდა იყოს.

„ეს მისი პრობლემაა, როგორც მორალური თვალსაზრისით, იგივე კაცობით, რომელთანაც, ასეთ ადამიანებს არანაირი კავშირი არ აქვთ. ჩვენ, ეს უფრო მობილიზებულს გვხდის და გვაძლიერებს. მე არავის არ დავუპირისპირდები. შემიძლია, ვაპატიო კიდეც. ეს მისი პრობლემაა. მე ვამბობ, რომ ამ თავისი გამონათქვამებით უპირისპირდებიან ისევ თავისი სახელმწიფოს პოზიციას და ახლა აზრის გამოხატვის თავისუფლება ყველას აქვს და მივესალმები“, – განცხადა თამილა ლაფანაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე.

შეგახსენებთ, რომ საკრებულოს წევრმა ერეკლე კუხიანიძემ ექიმი ვაჟა გაფრინდაშილი მიზანმიმართულ პროვოკაციაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ ის პროვოკაციაზე წავიდა, როცა საოკუპაციო ხაზი გადალახა. ასევე, ვაჟა ექიმის ოჯახი შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენია.

მსგავსი თემები