ვაჟა ექიმის გასათავისუფლებლად მთავრობამ საკოორდინაციო საბჭო შექმნა – მეუღლის განცხადება „მედიაცენტრ მთავარში“

საოკუპაციო რეჟიმის მიერ დატყვევებული ვაჟა ექიმის მეუღლემ „მედიაცენტრ მთავარში“ საგანგებო პრესკონფერენცია გამართა, სადაც ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხზე ისაუბრა, როგორც თამილა ლაფანაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა, მთავრობამ შექმნა საკოორდინაციო საბჭო, რომელიც ვაჟა ექიმის გათავისუფლებაზე მუშაობს.

„ყველანი ველოდებით პარასკევს, რადგან სასამართლო სხდომაა ჩანიშნული. დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი სასიკეთოდ გადაწყდება და საბოლოოდ, ვაჟა გათავისუფლდება. რაც შეეხება პრემიერ-მინისტრთან კომუნიკაციას, შემეხმიანენ პრემიერის კაბინეტიდან. პირადად მე მას არ შევხვედრივარ, მაგრამ ჩამოყალიბდა საკოორდინაციო საბჭო, რომელშიც შედიან ზურაბ აბაშიძე, ქეთევან ციხელაშვილი, ლაშა დარსალია და ირაკლი ჩიქოვანი. ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია, გამიზიარეს, რას აკეთებს სახელმწიფო, სხვადასხვა სამინისტროები და ორგანოები. მეც გავუზიარე ის თუ რას ვაპირებთ ოჯახი. ძალიან სასიამოვნოა, რომ რაღაც უბრალოდ ჭკუის დამრიგებელი მაინც გვეყოლება“ – განაცხადა თამილა ლაფანაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისივე შეფასებით, ოჯახს არასდროს უთქვამს, რომ ხელისუფლება ექიმის გამოსახსნელად არაფერს აკეთებს.

„არასდროს მითქვამს, რომ სახელმწიფო ორგანოები არაფერს აკეთებენ. მსგავსი სიტყვები არასდროს წარმომითქვამს. პირიქით, პირველივე დღიდანვე არიან ჩართულები. აქტიურად მუშაობენ, მაგრამ ჩვენ ყველას გვინდა შედეგი. შედეგი ეს არის ვაჟას გათავისუფლება. ამიტომ, ნაბიჯ-ნაბიჯ მე ვფიქრობ, რომ სხვადასხვა ბერკეტები უნდა ჩაირთოს, რაც აქამდე არ ყოფილა და ყველა მხარში მიდგას“, – განაცხადა თამილა ლაფანაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“.

მსგავსი თემები