ბექა დავითულიანი: „ემოციური მოსაზრების გამოხატვის ფუფუნება არ გვაქვს, როცა ჩვენი თანამემამულე ოკუპანტთა ტყვეობაში იმყოფება“

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბექა დავითულიანი საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებულ ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით, საკრებულოს წევრის, ერეკლე კუხიანიძის განცხადებას გამოეხმაურა.

როგორც დეპუტატმა განაცხადა, ემოციური და მოსაზრების გამოხატვის ფუფუნება არავის გვაქვს იმ პირობებში, როდესაც ჩვენი თანამემამულე საოკუპაციო რეჟიმის ტყეობაში იმყოფება.

„პირველი-სახელმწიფოს, ხელისუფლების, საკრებულოს უმრავლესობის და საქართველოს თითოეული მოქალაქის უპირველესი ამოცანა საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობიდან ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებაა.
ამისთვის სახელმწიფო ყველა შესაძლო ბერკეტს იყენებს და სახელისუფლებო გუნდი ძალისხმევას არ აკლებს.
მეორე – რაც შეეხება ერეკლე კუხიანიძის განცხადებას, არავითარი ემოციებისა და მოსაზრებების გამოხატვის უფლება და ფუფუნება არ აქვს არავის იმ პირობებში, როდესაც ჩვენი თანამემამულე საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში იმყოფება.
მესამე – ერეკლე კუხიანიძის მხრიდან გამოხატული პოზიცია, მისაღები არ იყო არავისთვის,”- განაცხადა ბექა დავითულიანმა.

რაც შეეხება საკითხს, დატოვებს თუ არა ერეკლე კუხიანიძე თბილისის საკრებულოს, ბექა დავითულიანის თქმით, საკრებულოს წევრის მოსაზრება და პოზიცია, მის მიმართ მანდატის დატოვების მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს არ ქმნის. მას ეს გადაწყვეტილება მხოლოდ პირადი განცხადების საფუძველზე შეუძლია მიიღოს.

„ამიტომ, ჩვენს მიმართ ამ მოთხოვნის დაყენება, მხოლოდ პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილია. რაც შეეხება მისი მოხსნის მოთხოვნას, ეს ოპოზიციის გადასაწყვეტი არ არის. საკრებულოს უმრავლესობა მათი პოლიტიკური დღის წესრიგისგან დამოუკიდებლად იმსჯელებს გაკეთებულ განცხადებაზე და აუცილებლად შეგატყობინებთ, თუ რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული,”- განაცხადა ბექა დავითულიანმა.

მსგავსი თემები