“ლელო” ერეკლე კუხიანიძისთვის საკრებულოს დეპუტატის მანდატის შეჩერებას მოითხოვს

“კატეგორიულად მოვითხოვთ, საქართველოს ხელისუფლებამ და მისმა მმართველმა – ბიძინა ივანიშვილმა დაუყოვნებლივ მიიღოს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება და თანამდებობა დაატოვებინოს “ქართული ოცნების” პარტიის წევრს, თბილისის საკრებულოს დეპუტატ ერეკლე კუხიანიძეს, ასევე, საჯაროდ მოუხადოს ბოდიში ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს და მის ოჯახს”, – ამის შესახებ მოძრაობა “ლელოს” მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, “ქართული ოცნების”, საქართველოს მთავრობისა და ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ვაჟა გაფრინდაშვილის დისკრედიტაცია და მისი ოჯახის შეურაცხყოფა მიუღებელი, ანტისახელმწიფოებრივი და ქვეყნისთვის ღირსების შემლახველი ქმედებაა.

“ქართული ოცნების” პარტიის წევრის, თბილისის საკრებულოს დეპუტატის -ერეკლე კუხიანიძის ამორალური განცხადება სხვა არაფერია, თუ არა ექიმის პროფესიული და პატრიოტული ნაბიჯის დისკრედიტაცია.

ხელისუფლება და მისი კონკრეტული წარმომადგენლები ვაჟა ექიმის ოჯახის წევრების პროვოკატორებად მონათვლის  ხარჯზე ცდილობენ, გადაფარონ თავიანთი უუნარობა და შეგნებული უმოქმედობა!

თბილისის საკრებულოს დეპუტატის – ერეკლე კუხიანიძის განცხადება იმ პოზიციის ნათელი გამოვლინებაა, რაც საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას აქვს. ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის წინააღმდეგ დაწყებული კამპანია არ ეხება ერთ ადამიანს და ერთ ოჯახს, ეს საქართველოს თითოეული მოქალაქის შეურაცხყოფაა. ეს არის პირდაპირი იერიში ადამიანზე, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებზე და სახელმწიფოზე.

ვაჟა ექიმის მიმართ დაწყებული სიცრუის ტირაჟირება ღირსების შემლახველია. უღირსი საქციელი დაუსჯელი არ უნდა დარჩეს. კატეგორიულად მოვითხოვთ, საქართველოს ხელისუფლებამ და მისმა მმართველმა – ბიძინა ივანიშვილმა დაუყოვნებლივ მიიღოს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება და თანამდებობა დაატოვებინოს “ქართული ოცნების” პარტიის წევრს, თბილისის საკრებულოს დეპუტატ ერეკლე კუხიანიძეს, ასევე, საჯაროდ მოუხადოს ბოდიში ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს და მის ოჯახს”, – ნათქვამია “ლელოს” განცხადებაში.

მსგავსი თემები