“აქცია იქნება მდუმარე” – დღეს ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი საოკუპაციო ხაზთან აქციას გამართავს

დღეს, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი საოკუპაციო ხაზთან მშვიდობიან საპროტესტო აქციას გამართავს. უკანონოდ დატყვევებული ექიმის მეგობრები და გულშემატკივრები 11:00 საათზე რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბებიან.

როგორც დაკავებული ექიმის შვილმა განაცხადა, აქცია იქნება მდუმარე და მხოლოდ ოჯახის წევრები გააკეთებენ მიმართვას.

“მეგობრებო, ვაჟა ექიმის გულშემატკივრებო! პირველ რიგში დიდი მადლობა ამხელა სიყვარულისთვის და მხარდაჭერისთვის. იმედი მაქვს ძალიან ბევრი ვიქნებით. გვინდა შეგატყობინოთ დღევანდელი აქციის რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი:

ვიკრიბებით 11:00 საათზე რესპუბლიკის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე და 11:30-12:00 ოკუპაციის ხაზისკენ (სოფელი ოძისი) გაემართება მანქანების მარში. შეკრება მოხდება მაქსიმალურად უსაფრთხო ადგილას, ყოველგვარი პროვოკაციისგან თავის დასაზღვევად. აქცია იქნება მდუმარე, მხოლოდ ოჯახი გავაკეთებთ მცირე მიმართვას. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ერთობლივი ძალისხმევით ვაჟა ექიმი უახლოეს მომავალში სახლში იქნება და მალე გააგრძელებს საკუთარ საქმიანობას თითოეული ჩვენგანის ჯანმრთელობისთვის”, – განაცხადა ვაჟა გაფრინდაშვილის შვილმა, ირინა გაფრინდაშვილმა.

მსგავსი თემები