„პროტესტი მსოფლიოს ყველა ქვეყანაში, ყველა საელჩოსთან უნდა გაგრძელდეს“ – სოლიდარობა დაკავებულ ექიმს

საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელი, ექიმი, ოკუპანტების მიერ დაკავებული ვაჟა გაფრინდაშვილის მეგობარი მირიან წიკლაური ოკუპანტების მიერ დატყვევებული ექიმის გასათავისუფლებლად ყველა მექანიზმის ამოქმედებას ითხოვს.

როგორც დეპუტატმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ერთ-ერთი ასეთი მექანიზმი სხვადასხვა ქვეყანაში დიპლომატიურ წარმომადგენლობასთან შეკრებაა.

“რუსეთის ხელისუფლებაზე უნდა მოხდეს ზეწოლა. ზეწოლის ერთ-ერთი ფორმა შეიძლება იყოს ყველა ქვეყნის საელჩოსთან აქციების მოწყობა, რომ მხარი დაუჭირონ ჩვენს მოძრაობას ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, თუ ამის შესაძლებლობა გვექნება, მსოფლიოს ყველა ქვეყანაში, რუსეთის საელჩოსთან უნდა მოვაწყოთ მსგავსი აქციები ამ მოტივნით. გაცილებით ეფექტური იქნება, ვიდრე საოკუპაციო ხაზთან გასვლა. ხელისუფლების გარკვეული შტოები აქტიურად მოქმედებენ. ზოგიერთი ეს აქტივობები თვალსაჩინოა მოქალაქისთვის, ზოგი ერთი ისეთი მოქმედება ხორციელდება არაა დასანახი და არც უნდა იყოს.

ვფიქრობ, ხელისუფლება საკმაოდ აქტიურად ირჯება, რომ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება მოხდეს. აქტიურად მუშაობენ საელჩოებთან, გაეროში, ეუთოში, მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციაში და ა.შ. სამხედრო ძალით ვერ ჩაერევიან, რომელსაც შეიძლება ელოდებოდნენ ჩვენი მტრები და რომლებმაც ეს პროვოკაცია წამოიწყეს”, – განაცხადა მირიან წიკლაურმა “მედიაცენტრ მთავარში”.

შეგახსენებთ, რომ 15 დეკემბერს, 11:00 საათზე, ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი რესპუბლიკის მოედანზე გეგმავს შეკრებას, რის შემდეგაც, აქცია  საოკუპაციო ხაზთან გაგრძელდება.  

მსგავსი თემები