შანტაჟი ინტერნეტით – მამაკაცი არასრულწლოვნებს შიშველი ფოტოების ატვირთვით ემუქრება

უცნობი მამაკაცი, ცრუ პროფილით, სოციალური ქსელში მოზარდ გოგონებს კამერის წინ გახდას აიძულებს. მამაკაცი არასრულწლოვან გოგონაზე ზეწოლას ახდენს და მას ინტერნეტგვერდებზე შიშველი ფოტოების ატვირთვით ემუქრება.

13 წლის მოზარდის  დედა ყვება, რომ კონკრეტული სახელითა და გვარით დარეგისტრირებული ინტერნეტმომხმარებელი, თავდაპირველად მის 13 წლის გოგონას ფეისბუქშეტყობინებებით პირად პრობლემებზე უყვებოდა, ნდობის მოპოვების შემდეგ კონკრეტული დავალებებიც მისცა. 

პირი, რომელზეც არასრულწლოვნის დედა საუბრობს, სავარაუდოდ, იდენტიფიცირებულია. 

ნანა ბერძენიშვილი, რომელსაც ძირითადად, ბულინგისა და ინტერნეტძალადობის შესახებ მოზარდები და მშობლები უკავშირდებიან, ყვება, რომ კონკრეტული სახელითა და გვარით დარეგისტრირებული პიროვნების სავარაუდო ფოტო მას მსგავსი შანტაჟის მსხვერპლმა ბავშვებმა მიაწოდეს. მოზარდების მტკიცებით, 22-24 წლის მამაკაცი, ძირითადად, 12-დან 16 წლამდე გოგონებს არჩევს, ინტენსიური კონტაქტის შემდეგ კი, მათ ვიდეოთვალის ჩართვასა და გახდას სთხოვს.

ფეისბუქგვერდი, რომლითაც, სავარაუდოდ, 22-24 წლის მამაკაცი არასრულწლოვნებს აშანტაჟებდა, ამ დროისთვის გაუქმებულია.

შესაძლოა, სამართალდამცველებმა უახლოეს დღეებში ამ საქმეზე კონკრეტული პირიც გამოკითხონ. ჯერჯერობით უცნობია, დაიწყებს თუ არა გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტრო. 

მსგავსი თემები