მოზარდის თვითმკვლელობის მცდელობის ფაქტზე, შსს განცხადებას აკეთებს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, “მწვანე სკოლის” შიდა და გარე ტერიტორიაზე გაკეთებული წარწერების ფაქტზე, დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილებაში გამოძიება, სისხლის სამართლის საქმეზე 187-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.

როგორც “მწვანე სკოლის” დირექტორმა “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადა, ღამით სკოლის შენობაში უცნობი პირი შევიდა, სკოლის ტერიტორიაზე გარკვეული უხამსი წარწერები გააკეთა და დაფები დააზიანა. მისივე თქმით, მომხდარი დილით სკოლის დაცვამ აღმოაჩინა, ხოლო, პოლიცია სკოლის უსაფრთხოების მენეჯერმა გამოიძახა.

როგორც შსს-ში აცხადებენ, პოლიციის განყოფილებაში, მოწმის სახით, მშობელთან ერთად გამოიკითხნენ არასრულწლოვანი პირები.

“საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში საქმეზე მოწმის სახით გამოიკითხნენ საქმესთან შემხებლობაში მყოფი პირები. სკოლის უსაფრთხოების მენეჯერი, ამავე სკოლის მოსწავლე. პოლიციის განყოფილებაში მოწმის სახით, მშობელთან ერთად გამოიკითხა არასრულწლოვანი პირი, ამავე სკოლის ყოფილი მოსწავლე, რომელმაც უარყო „მწვანე სკოლის“ კედლების მოხატვა. მეორე დღეს, 11 დეკემბერს, არასრულწლოვანი, დამატებითი გამოკითხვის მიზნით, მშობლის ინიციატივით, მშობელთან ერთად კვლავ გამოცხადდა პოლიციის განყოფილებაში, თუმცა მოზარდმა უარი განაცხადა გამოკითხვაზე და დაახლოებით 40 წუთის შემდეგ მშობელთან ერთად დატოვა პოლიციის განყოფილება,” – აცხადებენ შსს-ში.

შსს ინფორმაციით, მოზარდის თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დიდუბე ჩუღურეთის სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილებაში დაიწყო.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ განცხადება გაავრცელა, სადაც წერია, რომ სავარაუდოდ საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლების ფსიქოლოგიური ძალადობის გამო, არასრულწლოვანმა თვითმკვლელობა მე-9 სართულიდან გადმოხტომით სცადა.

მსგავსი თემები