ეკა ბესელიამ პარლამენტის იურიდიული კომიტეტი დატოვა

ეკა ბესელიამ პარლამენტის იურიდიული კომიტეტი დატოვა. 

როგორც ბესელიამ “მედიაცენტრ მთავართან” საუბრისას აღნიშნა, იურიდიული კომიტეტი გახდა კლანის ფილიალი და ამის გამო ტოვებს კომიტეტს.

“ვულოცავ “ქართულ ოცნებას”, მან ოფიციალურად ამ კენჭისყრით დააკანონა, რომ გაურიგდა ამ ძალადობრივ წარსულს და ის გახდა მემკვიდრე იმ უსამართლობისა, რაც ხდებოდა ქვეყანაში. ცხრას პლიუს რვა, შეგვიძლია დავსვათ ტოლობის ნიშანი. კლანმა გაიმარჯვა როგორც იურიდიულ კომიტეტში, ასევე “ქართული ოცნების” უმრავლესობაზე. მან მოახერხა საკუთარი გავლენების მოპოვებას. მოახერხა საკუთარი სურვილებით ეტარებინა მათ შორის ის ადამიანები, ვინც 2012 წლის პარლამენტში იყვნენ და სამწუხაროდ, არ ეყოთ მათ გამბედაობა, წინააღმდეგობა გაეწიათ კლანის ინტერესებისთვის.

რადგან იურიდიული კომიტეტი ოფიციალურად გახდა კლანის ფილიალი, ეს ჩემი ბოლო სხდომა იყო ამ კომიტეტში. მე აქ აღარ დავრჩები. ველოდებოდი ამ კენჭისყრას და ერთი წელი, ჩემი გადადგომიდან ამ დრომდე, დავრჩი მხოლოდ იმიტომ, რომ ბოლომდე გამომეყენებინა ყველა შანსი, რათა 5 მოსამართლე კი არა მეტი ჩამოშორებოდა ამ კენჭისყრას. ის 5 კანდიდატი, ვინც ჩავარდა დღევანდელ კენჭისყრაზე(აქედან ერთმა მოხსნა კანდიდატურა), მართლაც მძიმე გვარები იყო, მაგრამ ამ სიაში დარჩა, ასევე, მძიმე ბიოგრაფიის მქონე ადამიანები, რომელთა მიმართ ნდობა, სამწუხაროდ, საზოგადოებას ვერ ექნება. ეს არის ნაბიჯი უკან, წარსულში, უსამართლობისკენ, დემოკრატიის საზიანოდ. ეს არის გადაწყვეტილება ძალადობრივი სისტემის რეანიმაციისა და დაკანონების. ეს არის “ქართული ოცნების” პოლიტიკური, მაგრამ კიდევ უფრო დიდი მორალური მარცხი. 

მე ყველაფერი გავაკეთე, რაც შემეძლო. 2018 წელს გამოსული სიიდან, 3 მოსამართლე აირჩიეს. ისინი, ვინც თქვენთან ვაჟკაცობდნენ და ამბობდნენ, რომ ჩვენ შევაჩერეთ 10 კაციანი სიაო. ჰკითხეთ, რომ იბრალებდნენ ამ სიის შეჩერაბის გადაწყვეტილებას, რატომ მისცეს მაშინ ხმა ამ გვარებს. 

ანრი ოხანაშვილი ამ კლანის ერთ-ერთი უსახური მსახურია. იურიდიული კომიტეტი აღარ არსებობს, არც ადამიანის უფლებათა კომიტეტი, რომლის თავმჯდომარეც ასე ღიმილით გიყურებდათ”, – განუცხადა ბესელიამ “მედიაცენტრ მთავარს”.

დამოუკიდებელი დეპუტატის თქმით, ის დარჩენილ დროს გამოსავლის გზებზე ფიქრს მოახმარს.

“ამ გადაწყვეტილების მორალურ ფასს ვერასდროს გადაიხდიან. ეს არის ის ტვირთი, რომელიც გადაეცემათ მათ და ეს დარჩება როგორც მოუშუშებელი იარა, რაც ქვეყანას მიაყენეს. ვერც კი ხვდებიან, იცინიან და ხითხითებენ, ვერ იაზრებენ, რა გადაწყვეტილება მიიღეს. განცდა არ აქვთ, იმდენად შემთხვევითი ადამიანები არიან პარლამენტში მოსულები. 

ხალხი, რომელმაც იცის თავისუფლების ფასი, მათგან სილას მიიღებს “ქართული ოცნება” საპარლამენტო არჩევნებზე”, – აღნიშნა ეკა ბესელია. 

ცნობისთვის, ეკა ბესელიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დატოვების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს 14 მოსამართლე დაამტკიცა.

https://mcm.ge/პარლამენტმა-14-კანდიდატი-უ/

მსგავსი თემები