“ბრალდებას არ უარვყოფ და არც ვადასტურებ” – ვინ დაასხა სითხე სხდომათა დარბაზში

“შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, მზად ვარ გამოძიებას გავცე პასუხი, ხოლო საჯაროდ უაპელაციო განმარტებებს არ გავაკეთებ” – ასე უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას “ევროპული საქართველოს” წევრმა ლელა ქებურიამ, რომელმაც, მმართველი გუნდის ვარაუდით, სხდომათა დარბაზში გაურკვეველი ნივთიერება დაასხა.

ქებურია არ უარყოფს და არც ადასტურებს ფაქტს, შეიტანა და გამოიყენა თუ არა უცნობი ნივთიერება სხდომათა დარბაზში. ის ამბობს, რომ განმარტებებს გამოძიებასთან მხოლოდ მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში გააკეთებს:

“არა ვარ ვალდებული, ამ შეკითხვაზე პასუხი გავცე, იმიტომ რომ ამ ბრალდებაზე თავის მართლება არ არის ჩემი ვალდებულება. ვინც ამ ბრალდებას აჟღერებს, ის არის ვალდებული, დაამტკიცოს ეს და წარმოადგინოს მტკიცებულებები. ეს მტკიცებულებები არის კადრები. დიახ, ვიყავი პარლამენტში და დეპუტატების პარლამენტში გადაადგილება დასჯადი არ არის. რაც შეეხება ბრალდებას, ამაზე მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ეს ბრალდება წამოაყენა, მე აბსოლუტურად არ ვარ ვალდებული, თავი ვიმართლო, არ უარვყოფ და არც ვადასტურებ.

შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, მზად ვარ გამოძიებას გავცე პასუხი, ხოლო საჯაროდ უაპელაციო განმარტებებს არ ვუპასუხებ იმ პოლიტიკური გუნდისას, რომელმაც, მაგალითად, გუშინ გიგი უგულავას დააბრალა ორგზის ჩემპიონი ძიუდოისტის ცემა.

ალეგორიულ მინიშნებას იმაზე, რომ სისტემა ყარს, აბსოლუტურად ვეთანხმები, მაგრამ ყარს არა იმ სუნის გამო, რაც პარლამენტში დადგა, არამედ იმ პროცესების გამო, რაც ქვეყანაში ხდება, დაწყებული ოლიგარქიული მმართველობიდან გაგრძელებული დათხრილი თვალებით და ეკონომიკური მდგომარეობით, ” – განაცხადა ლელა ქებურიამ.

მსგავსი თემები