დავით მათიკაშვილი: მიმდინარე პროცესი უცხოელი პარტნიორებისგან არის მიჩნეული გამჭვირვალედ და დემოკრატიულად

„ამ პროცესის განმავლობაში არაერთგზის მომისმენია არაერთი ჩვენი უცხოელი პარტნიორისგან, რომ პროცესი, რომელიც იურიდიული კომიტეტის ფარგლებში მიმდინარეობს, არის მიჩნეული ძალიან გამჭვირვალედ, ძალიან დემოკრატიულად და ამის ანალოგი არის მხოლოდ შეერთებულ შტატებში და ისიც არაა პირდაპირი ანალოგი. ევროპაში ასეთი ანალოგი არ არსებობს“, – ამის შესახებ განცხადება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა გააკეთა.

დავით მათიკაშვილის განცხადებით, უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეთა კანდიდატების შერჩევის პროცესს აკვირდებოდნენ საერთაშორისო პარტნიორები და მათი შეფასებები ობიექტურია.

„პროცესს ესწრებიან საერთაშორისო პარტნიორები და ყველანი კარგად ხედავენ რა პროცესებთან გვაქვს საქმე. ეს არის ძალიან კარგი, რადგან ყველაზე ობიექტური შემფასებელი იქნება ის მხარე, საერთაშორისო პარტნიორები, რომელიც დაცლილია ყოველგვარი სუბიექტურობისგან და მხოლოდ ობიექტურად აფასებს მოვლენებს.

საზოგადოებამ დაინახა ყველაფერი, რისი დანახვაც უნდოდა. იყო კითხვები, იყო პასუხები, იყო პროცესი, რომელიც იყო ძალიან გამჭვირვალე და სწორედ ეს პროცესი შეაფასა კომიტეტის თავმჯდომარემ და თქვა, რომ ეს პროცესი დასრულდა წარმატებით“,-განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

მსგავსი თემები