„თუ პარლამენტთან კანონსაწინააღმდეგო მოქმედებები იქნება, განვშორდები“ – ბოიკოტი მოსამართლეების დამტკიცებას

სასამართლო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფის წევრები, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებთან ერთად, ხვალ, პარლამენტთან საპროტესტო აქციასა და სხვადასხვა წარმოდგენას გეგმავენ. როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა კახა წიქარიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა, პროტესტი ცივილურ ფორებს არ უნდა გასცდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის აქციას გაერიდება.

„ხვალ, საინტერესო დღე იქნება იმ კუთხითაც, რომ პარლამენტის მიმდებარედ, მაშინ, როცა იურიდიული კომიტეტის მოსამართლეების კანდიდატების განხილვას დაიწყებს, ჩვენც საპროტესტოდ გამოვალთ. გვექნება სხვადასხვა სანახაობრივი წარმოდგენაც. ეს აქცია მშვიდობიანი იქნება და პიკეტირება ჩვენთვის მიუღებელია. თუ პროტესტი კანონსაწინააღმდეგო ხასიათს მიიღებს, მე განვშორდები“ – განუცხადა კახა წიქარიშილმა „მედიაცენტრ მთავარს“.  

რაც შეეხება უზენაესი სასამართლოს უვადოდ გასამწესებელ მოსამართლეებს, კახა წიქარიშვილის მოლოდინია, რომ პარლამენტი დაახლოებით 15 კანდიდატს ჩააგდებს.

„ჩემი  ხვალინდელი მოლოდინი არის ის, რომ „ქართული ოცნების“ შიგნით იქნება უთანხმოება მოსამართლეების კანდიდატებთან დაკავშირებით და მათი დიდი ნაწილი ჩავარდება. ვფიქრობ, 20-დან 15 კანდიდატი მაინც ჩავარდება. თუ ეს ასე მოხდა ესეც სერიოზული გარღვევა იქნება ამ მიმართულებით. ჩვენ ყველას ჩავარდნას ვითხოვთ.  ხვალინდელ აქციას რაც შეეხება, ვიქნებით დილიდანვე პარლამენტთან და მოვაწყობთ წარმოდგენებს“ – განაცხადა კახა წიქარიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“.  

მსგავსი თემები