“ვაჟა გაფრინდაშვილი ნიშნავს, რომ რუსეთი ოკუპანტია და რომ ოკუპანტს სინდისი არ აქვს” – გიორგი კეკელიძე

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი, გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს ავრცელებს და წერს, რომ ოკუპანტების მიერ დაკავებული ვაჟა გაფრინდაშვილი ნიშნავს – რუსეთი ოკუპანტია და რომ ოკუპანტს სინდისი არ აქვს.

„მე ახლა ვაჟა გაფრინდაშვილზე არ ვწერ. რადგან ვაჟა გაფრინდაშვილი არ ნიშნავს ვაჟა გაფრინდაშვილს. ის ნიშნავს ასობით მანამდე უკანონოდ დაპატიმრებულ უსახელო ადამიანს და ალბათ მათაც, ვისაც, სამწუხაროდ, მას მერეც დააპატიმრებენ. ის ნიშნავს ყველა დახოცილ ადამიანს, რომელთა სისხლი ისე გაშრა ჩვენს ფიქრებში, რომ ყალბ სადღეგრძელოშიც აღარ ვახსენებთ. ის ნიშნავს გადმოწეულ საზღვრებს. ამ საზღვრების შეხსენებას. და პირველ რიგში საკუთარ თავში გადმოწეული საზღვრების შეხსენებას ნიშნავს – თავისუფლების საზარალოდ. ის ნიშნავს კრემლში მომღერალი ქართველების სარკეს, თუ გაბედავენ და ჩაიხედავენ. ის ნიშნავს კრემლში მომღერალი ქართველების დამცველი ქართველების სარკეს, თუ ქვას არ ესვრიან და არ გაბზარავენ. ის ნიშნავს იმ ქართველების სარკესაც, რუსული კულტურის ცენტრი მართლა კულტურის ცენტრი რომ ჰგონიათ და იქ მომუშავე აგენტები: ტოლსტოი და დოსტოევსკი. ის ნიშნავს, რომ რუსეთი ოკუპანტია. ის ნიშნავს, რომ ოკუპანტს სინდისი არ აქვს. ის ნიშნავს, რომ ხანდახან სინდისი არ აქვს ოკუპირებულსაც და იტყვის: რა წაიღეთ ტვინი ამ ვაჟა გაფრინდაშვილით, სხვას არ იჭერდნენ აქამდე?

და სწორედ ამის პასუხად ნიშნავს ვაჟა გაფრინდაშვილი ყველაფერს, რაც ჩამოვთვალე და მეტსაც. და ცხადია, ის გიორგი კეკელიძესაც ნიშნავს, რომელიც აქ და ახლა, თბილ ოთახში მშვიდად წერს და არ იცის, რას იზამდა იქ, იმ კაცის ადგილზე. და თვითონ გიორგი კეკელიძე ნიშნავს ათასობით მის მსგავს ქალს და კაცს, რომელთაც ასევე არ იციან, რას იზამდნენ. ცხადია, სიტყვით – იოლად, მაგრამ საქმით არ იციან, რას იზამდნენ. ამიტომაც არის ვაჟა გაფრინდაშვილი მნიშვნელოვანი. ის ნიშნავს ფიქრის იძულებას. თუ ცხადია, ფიქრის თავი გვაქვს. ჩვეულებრივ, ბიოლოგიურ თავს ვგულისხმობ – იდიომატურად როდი გითხარით“,- წერს გიორგი კეკელიძე.

15 ნოემბერს ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს ოკუპანტებმა ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. მას ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთას ედავებიან.

მსგავსი თემები