ე.წ. მაყურებლები ციხეებში და ძალადობა გამოხატვის თავისუფლების სახელით – ომბუდსმენის ანგარიში

საქართველოს სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას შეფასებით, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ბოლო დროს ე.წ მაყურებლებმა, როგორც პატიმრებზე, ასევე ადმინისტრაციაზე გავლენა განსაკუთრებით გააფართოვეს.

მისი თქმით, ციხეში შესვლისას კრიმინალური ავტორიტეტების ამოცნობა მარტივია, რადგან ისინი რიგითი პატიმრებისთვის მითითებების მიცემას, არც სახალხო დამცველის თანდასწრებით ერიდებიან.

“ე.წ. მაყურებლები პატიმრებს ეუბნებიან, რომ ისინი მოუგვარებენ პრობლემებს, რომ ამაზე სხვასთან, მათ შორის, სახალხო დამცველთანაც არ უნდა ისაუბრონ”, – განაცხადა სახალხო დამცველმა.

ანგარიშში, რომელიც სახალხო დამცველმა დღეს წარმოადგინა, არა მხოლოდ ციხეში ამჟამად მყოფი პატიმრები, არამედ ისინიც მოხვდნენ, რომლებიც უკვე შეიწყალეს.

ნინო ლომჯარია მნიშვნელოვან პრობლემად განიხილავს პრეზიდენტთან დაკავშირებულ სკანდალურ გადაწყვეტილებებს, რომელიც მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებულების შეწყალებას ეხება. ანგარიშის მნიშვნელოვანი ნაწილი ეთმობა საპროტესტო გამოსვლების დროს დაკავებულ პირებს და ზოგადად, 20 ივნისის მოვლენებს, მათ შორის პოლიციელების მხრიდან ძალის გადამეტების ნაწილშიც. ამ საკითხებს დღეს პოლიტიკოსების გამოხმაურებაც მოყვა.

მმართველი პოლიტიკური გუნდი დღეს სახალხო დამცველის არცერთ შენიშვნას არ დაეთანხმა. მათ შორის, არც იმ ნაწილში, რომ აქციებისა და კონტრაქციების მართვისას პოლიცია ტენდენციურად იქცევა. თავის მხრივ სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ სახელმწიფო მიდგომა შერჩევითი იყო, მათ შორის ლგბტ თემის უფლებების მიმართაც, როდესაც მათი აქტივობების დროს კონტრაქციების მონაწილეები ძალადობდნენ და ამას, გამოხატვის თავისუფლების სახელს არქმევდნენ.

მსგავსი თემები