“რაღაც დაკომპლექსებული ერი გავხდით, როცა უზარმაზარი შესაძლებლობები გვაქვს” – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში სამეცნიერო საზოგადოების წარმომადგენლებს უმასპინძლა და მათ სიტყვითაც მიმართა.

სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ქვეყნის შიგნით შენარჩუნებულია თვითმყოფადობა, მაგრამ გლობალიზაციის პერიოდში საქართველო დაიკარგა, მისი ხმა ისე აღარ ისმის, როგორც უნდა ისმოდეს და საჭიროა ამ ყველაფრის დაბრუნება.

„დღეს სწორედ გლობალიზაციის პერიოდში ვართ. ჩვენ არ შეიძლება დავიკარგოთ, გვაქვს ძალიან დიდი კულტურული და მეცნიერული საუნჯე, რომელიც არა მარტო უნდა დავიცვათ, უნდა გავაძლიეროთ და გავიტანოთ. ყველა აქ მყოფი ადამიანი ამ ძალიან დიდი საქმის მონაწილე ხართ, და ჩვენ ჩვენი ძალები უნდა შევაერთოთ. არ შეიძლება, შემოვიფარგლოთ მხოლოდ საქართველოთი. ჩვენ ვართ, ვიყავით და  ყოველთვის ვიქნებით კავკასიის კულტურულ-მეცნიერული კერა და ცენტრი. ეს ჩვენ თავში უნდა დავიჯეროთ, ზოგჯერ ესეც გვავიწყდება. რატომღაც რაღაც დაკომპლექსებული ერი გავხდით, როცა უზარმაზარი შესაძლებლობები გვაქვს“, – აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი.

პრეზიდენტის აზრით, უცხოეთში უნდა აღდგეს ქართულ ენაზე პერიოდული გამოცემები, ასევე უნდა მოხდეს თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ონლაინ პლატფორმის ათვისება ამ პროცესში.

სამეცნიერო საზოგადოება საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებას მიმართავს, „საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების საკოორდინაციო ცენტრი“ დაფუძნდეს.

„სამეცნიერო საზოგადოება საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებას მივმართავთ თხოვნით, გლობალიზაციის ხანაში კავკასიური ენებისა და კულტურების გადასარჩენად, კავკასიისა და საქართველოს შესახებ მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოებისთვის კომპეტენტური ინფორმაციის მისაწოდებლად, საქართველოს კულტურული მრავალფეროვნების შესანარჩუნებლად დააფუძნოს „საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების საკოორდინაციო ცენტრი“. ცენტრი უზრუნველყოფს კოორდინაციას საქართველოს სამეცნიერო, საგანმანათლებლო და კვლევით ორგანიზაციებს შორის, რათა საქართველოს, კავკასიისა და ზოგადად, რეგიონის უსაფრთხოების, კულტურათა და რელიგიათა მშვიდობიანი თანაარსებობის ხელშეწყობისთვის მეცნიერულად იქნას შესწავლილი და საერთაშორისო საზოგადოებას მიეწოდოს ობიექტური ინფორმაცია საქართველოს, კავკასიისა და რეგიონის შესახებ“, – ნათქვამია საკოორდინაციო ცენტრის შექმნის მოთხოვნით გავრცელებულ განცხადებაში.

მსგავსი თემები