“არის განწყობები, მოსამართლეობის ყველა კანდიდატს უმრავლესობამ მხარი არ დაუჭიროს” – გედევან ფოფხაძე

პარლამენტის წევრი გედევან ფოფხაძე აცხადებს, რომ არის განწყობები, უზენაესი მოსამართლეობის ყველა კანდიდატს უმრავლესობამ მხარი არ დაუჭიროს. ფოფხაძემ აღნიშნა, რომ უმრავლესობაში ერთსულოვნება არ არის.

„კონფიდენციალური ხასიათის ინფორმაციას ვერ გავამჟღავნებ, ვისთანაც კერძო საუბრები გვაქვს. ვიცი, რომ არის განწყობები, ყველა კანდიდატს უმრავლესობამ მხარი არ დაუჭიროს. არის გამოკვეთილი ოდიოზური კანდიდატები, რომელთა მიმართაც ვიცი, რომ უმრავლესობაში ერთსულოვნება არ არის. იმედი მაქვს, რომ ​უმრავლესობის ძალიან ბევრი წევრი მოახერხებს და მორალურ ტესტს ჩააბარებს, ამ კანდიდატებს ხმას არ მისცემს. თუმცა ჩემი პირადი პოზიცია მაქვს და პროცესში მონაწილეობაც პირადად ჩემთვის მიუღებელია, რადგან მიმაჩნია, რომ ეს პროცესი მაინც კლანის მხრიდან ინსპირირებული იყო. ორიენტირებულია იმაზე, რომ მაინც ვიღაც კლანის ინტერესებიდან გამომდინარე, ადამიანები უზენაეს სასამართლოში გააპარონ.

დამოკიდებულების ორი შესაძლო ვარიანტია. ერთი უფრო კონფორმისტული. თუმცა მაინც უფრო კეთილსინდისიერი, რომ ხმა ოდიოზურ კანდიდატებს არ მისცენ. არის მეორე პოზიცია, რომელიც ჩემთვის უფრო მისაღებია. შევთანხმდეთ და ვთქვათ, რომ პროცესის შედეგად პარლამენტს იუსტიციის საბჭომ ცუდი და უარესი კანდიდატები შესთავაზა. პროცესი თუ ჯანსაღი იქნებოდა, მაშინ პარლამენტს ასარჩევი ექნებოდა კარგსა და უკეთესს შორის“, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

მსგავსი თემები