თბილისის ბოტანიკურ ბაღში ვიდეოკონტროლი განხორციელდება

მცენარეთა კოლექციების დაცვისა და დამთვალიერებელთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ხალხმრავალ ტერიტორიაზე ვიდეოკამერები დამონტაჟდა, პარალელურად კი, დრონის მეშვეობით ბაღის ტერიტორიის აერო-ფოტოდაკვირვება განხორციელდება. შესაბამისად, ​ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაცია მოუწოდებს სტუმრებს, მაქსიმალურად დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოების წესები.

როგორც “მთავარს” ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში განუცხადეს, სამწუხაროდ, ძალიან ხშირად ადგილი აქვს  მცენარეების, საინფორმაციო დაფებისა და მანიშნებლების დაზიანებას. ასევე, ბაღის ტერიტორიაზე არაეთიკურ და საზოგადოებრივი ზნეობის შეურაცხმყოფელ ქცევას, რაც საჯარო სივრცეში დაუშვებელი და მიუღებელია. თითოეულ მსგავს შემთხვევაზე ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაცია კანონით გათვალისწინებულ ზომებს მიმართავს.

მათივე თქმით, ბოტანიკურ ბაღში უამრავი უცხოელი დამთვალიერებელი სეირნობს, დასასვენებლად მიდიან ოჯახები, ბავშვები და სტუდენტები. ასევე, მუშაობენ კოლეგები სხვადასხვა ბოტანიკური დაწესებულებიდან. ამ ადამიანებს აქვთ უფლება ყოველგვარი უხერხულობის გარეშე იმოძრაონ ბაღის ტერიტორიაზე და ჰქონდეთ კომფორტული დასვენებისა და მუშაობის პირობები.

“საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე სტუმრების მაქსიმალური კომფორტისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, უკანასკნელი წლების განმავლობაში ბევრი პროექტი განხორციელდა, რომლის ფარგლებშიც, წესრიგდება გზები და ბილიკები, ეწყობა დეკორატიული უბნები, უმჯობესდება ტურისტული ინფრასტრუქტურა, თუმცა, კვლავ რჩება არაერთი პრობლემა, რომელთა მოსაგვარებლად აქტიური მუშაობა მიმდინარეობს”, – აცხადებენ ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციაში.

მსგავსი თემები