დიღომში, უცნობმა მამაკაცმა ქალს ყელზე დანა გამოუსვა

თბილისში, მარშალ გელოვანის გამზირზე, ვაშლიჯვრის ასახვევთან მდებარე ფეხით გადასასვლელ ხიდზე, უცნობმა მამაკაცმა, ხიდზე გადამსვლელ ქალბატონს ყელზე დანა გაუსვა და გაიქცა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის მამაკაცი დააკავეს.

როგორც თვითმხილველები ყვებიან, ახალგაზრდა ქალი ხიდზე გადადიოდა, რომელსაც მამაკაცთან შეხება არ ჰქონია. მამაკაცი მას უკან მიყვებოდა, რა დროსაც, უცებ, მოულოდნელად დანა დაარტყა.

შსს-ს განცხადებით, დაკავებული მამაკაცი ადრე ნასამართლევია.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1980 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ლ.კ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, მარშალ გელოვანის გამზირზე მდებარე ქვეითთა გადასასვლელ ხიდზე, 1991 წელს დაბადებულ ე.ბ.-ს ყელის არეში ცივი იარაღის გამოყენებით ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს.

განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს“, – ვკითხულობთ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.

მსგავსი თემები