11 წლიანი პატიმრობა თუ თავისუფლება – ბათუმელ მაღალჩინოსნებს განაჩენს 13 დეკემბერს გამოუტანენ

„გაფლანგული მილიონ 430 000 ლარი, 24 ტომიანი საქმე და არც ერთი მტკიცებულება“ – ასე აფასებს ბათუმში ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული,  საქმის ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე გიორგი ერმაკოვისა და სხვა მაღალჩინოსნების დაკავებას და გამამართლებელ განაჩენს ელოდება.

რა წერია ბრალდების 80 გვერდიან დასკვით სიტყვაში, რომელსაც პროკურორი 6 საათი კითხულობდა, ტარიელ კაკაბაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ დაკავებულები სასამართლო დარბაზიდან უნდა გათავისუფლდნენ.

„ბათუმში, ე.წ. იაფი სახლის“ პროექტზე,  წინასწარ პატიმრობაში იმყოფება სამი ბრალდებული. ასევე, საქმეში წარმოდგენილი 4 ადამიანი, რომლებსაც პატიმრობა შეეფარდათ გირაოთი. სამივე ბრალდებულს ბრალად ედება, თითქოს მათ გაფლანგეს, მერიის კუთვნილი თანხები, განსაკუთრებით დიდი ოდენობის – მილიონ 430 ათასი ლარის ოდენობით. საქმეში, მიუხედავად 24 ტომიანი საქმისა, არც ერთი მტკიცებულება არსებობს, რომელიც ბრალდებულის დანაშაულზე მიუთითებს. მოვისმინეთ 80 გვერდიანი დასკვნითი სიტყვა,  თუმცა, იქ საერთოდ არაფერია ნათქვამი, ჰქონდა თუ არა რომელიმე ბრალდებულს თანხების გაფლანგვის განზრახვა და რეალურად ჩაიდინეს თუ არა ეს დანაშული“ – განაცხადა ადვოკატმა ტარიერლ კაკაბაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე.  

მისივე შეფასებით, ვინაიდან საქმეში არც მტკიცებულებები არსებობს, არც დანაშაულის ჩადენის  მოტივი,  არც მიზანი და არც განზრახვა, დაკავებულები სასამართლო დარბაზიდან უნდა გათავისუფლდნენ.

„არც ერთი პირდაპირი მტკიცებულება არ არის ნახსენები აღნიშნულ 80 გვერდიან დასკვნის სიტყვაში. ბრალდება აბსურდულია. თავად ბრალდების მხარის მტკიცებულებები მიუთითებენ იმაზე, რომ მერია, მერიის თანამშრომლები არ იყნენ ინფორმირებული იმასთან დაკავშირებით, რომ კომპანია აპირებდა მერიის მოტყუებას და ნაკისრი ვალდებულებებისაგან თავის არიდებას. დანაშული საერთოდ არ დასტურდება. როდესაც ვისმენ პროკურატურის არგუმენტაციას, პოზიციას და მსჯელობას, მექმნება შთაბეჭდილება რომ ისინი ცდილობენ, ბრალდებულები დაადანაშაულონ არა განზრახ დანაშაულის ჩადენაში, არამედ გაუფრთხილებლობით დანაშაული ჩადენაში. მაგალითად, გულგრილობაში. თუ ჩვენ არ გვაქვს განზრახვა, არც პირდაპირი, ირიბ განზრახვაზე საუბარი ზედმეტია, არ გვაქვს ანგარებით მოტივი, არც ერთი მტკიცებულება, ჰქონდა სურვილი გაეფლანგა თანხები, შეუძლებელია ვისაუბროთ გამამტყუნებელ განაჩენზე. მსგავს საქმეზე, როგორც წესი, წარმოდგენილი უნდა იყოს მინიმუმ ერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ მერიის რომელიმე თანამშრომელს ჰქონდა ანგარებითი მოტივი. ვითხოვთ, ამ საქმეზე დადგეს გამამართლებელი განაჩენი და ყველა ის პირი, სამივე ბრალდებული, რომლებიც იმყოფებიან წინასწარ პატიმრობაში, გათავისუფლდნენ სასამართლო დარბაზიდან“ – განაცხადა ტარიელ კაკაბაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე.

დანაშაული, რომელსაც ბრალდება დაკავებულებს ედავება, 7-დან 11 წლიან პატიმრობას ედავება. დაცვის მხარემ დასკვითი სიტყვა 13 დეკემბერს უნდა წარმოადგინოს, რის შემდეგაც, სასამართლო საბოლოო ვერდიქტს გამოიტანს.

მსგავსი თემები