„საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ“ – გია ჟორჟოლიანი ევროპარლამენტარს პასუხობს

„საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ, ეს არის ტყუილი,“ – ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, „სოციალ-დემოკრატმა“ გია ჟორჟოლიანმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე, ევროპარლამენტარის საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, ევროპარლამენტშიც არიან დეპუტატები, რომლებსაც გარკვულ საკითხებზე არასაკმარისი ინფორმაცია აქვთ და, შესაბამისად, არაკომპეტენტურ განცხადებებს აკეთებენ:

„საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ, ეს არის ტყუილი. ევროპარლამენტშიც არის ხშირად ისეთი დეპუტატი, რომელიც საკითხში არასაკმარისად არის გაცნობიერებული და არაკორექტულ განცხადებებს აკეთებს, აქედან გამომდინარე. ისინიც ადამიანები არიან და ეს არ არის ბრძენთა კრებული. ესენი არიან ჩვეულებრივი არჩეული დეპუტატები. ჩვენ რომ აქ ვხედავთ ჩვენს დეპუტეტებს, არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ასეთივე ტიპის ან დაახლოებით ამ კომპეტენციის დეპუტატები იქნებიან ევროპარლემენტშიც და არის ასეთი ძალიან ბევრი. ამიტომ ეს არის მცდარი პოზიცია, მცდარ ინფორმაციაზე და ხედვაზე დაფუძნებული. 20-21 ივნისს ადგილი ჰქონდა პარლამენტის შტურმის მცდელობას და ასეთი მცდელობა ყველა ქვეყანაში ბევრად უფრო მკაცრად დაისჯებოდა, ვიდრე საქართველოში“, – განაცხადა დეპუტატმა.

შეგახსენებთ, რომ თბილისი ევრონესტის მერვე საპარლამენტო ასამბლეის სესიას მასპინძლობს. ერთ-ერთმა ევროპარლამენტარმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი უნდა იპოვის, დათმობაზე უნდა წავიდეს და 20-21 ივნისს დაკავებული პოლიტპატიმრები უნდა გაათავისუფლოს.

მსგავსი თემები