“შევეცდები უმრავლესობა ჩავაყენო ისეთ მდგომარეობაში, რომ გაითვალისწინონ ხალხის მოთხოვნა” – დიმიტრი ხუნდაძე

“უმრავლესობა არ დაიშლება, მაგრამ შევეცდები უმრავლესობა ჩავაყენო ისეთ მდგომარეობაში, რომ გაითვალისწინონ ხალხის მოთხოვნა, აიღონ პასუხისმგებლობა და გამოასწოროს საკუთარი შეცდომა”, -ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

როგორც დიმიტრი ხუნდაძემ აღნიშნა, ე.წ. ამერიკულ მოდელთან დაკავშირებით მაჟორიტარი დეპუტატების ნაწილის მოსაზრება არ იცვლება, ინიციატივა უკვე დარეგისტრირებულია.

„საპროცედურო საკითხთა კომიტეტს გადაეცემა ეს ჩვენი ინიციატივა, მათ ერთი კვირის ვადა აქვთ, რომ განიხილონ საკითხი და მოგვცენ ფორმები, რითიც შევძლებთ, რომ გავიდეთ ხალხში და დავიწყოთ სავალდებულო 200 000 ხელმოწერის შეგროვება. ჩვენი მიზანი არის ორი, ის, რომ ქვეყანას ჰქონდეს იმდაგვარი საარჩევნო სისტემა, რომელიც მისცემს გარანტიას, შემდგომ მისი პოლიტიკური ცხოვრება იქნება სტაბილური და არა რყევადი. ასევე ის, რომ ხალხი იყოს წყარო ხელისუფლების და თითოეულ რეგიონს ჰყავდეს საკუთარი წარმომადგენელი პარლამენტში და არა ის, რომ პარტიები, რომელიც ზოგიერთი საოჯახო ბიზნესად არის ქცეული, ამოეფარონ მათ. პარლამენტი უნდა იყოს დაკომპლექტებული ადამიანებით, რომლებსაც პირდაპირ და უჭირს ხალხი მხარს.

მე არ ვუპირისპირდები ბიძინა ივანიშვილს, არ ვუპირისპირდები საკუთარ გუნდს, მაგრამ საკუთარი გუნდის იმ ნაწილს, რომელიც ვერ ითავისებს პასუხისმგებლობას, რა შედეგები შეიძლება მოიტანოს ასეთმა დაჩქარებულმა გადაწყვეტილებამ, მათ მოვუწოდებ, რომ აიღონ პასუხისმგებლობა და გამოასწორონ დაშვებული შეცდომა. ხალხის ხმა იქნება ძირითადი ბერკეტი იმისა, რომ უმრავლესობამ გაითვალისწინოს ხალხის მოთხოვნა უმრავლესობა არ დაიშლება, მაგრამ შევეცდები უმრავლესობა ჩავაყენო ისეთ მდგომარეობაში, რომ გაითვალისწინონ ხალხის მოთხოვნა, აიღონ პასუხისმგებლობა და გამოასწოროს საკუთარი შეცდომა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და დიდად საპასუხისმგებლო საკითხი, მაგრამ ეს გუნდის ერთიანობას არ ეხება, აქ რაც არის უთანხმოება კანონპროექტთან დაკავშირებით, ეს არ არის ჩვეულებრივი რიგითი საკანონმდებლო ინიციატივა. კიდევ ერთხელ ვამბობ, აიღოს პასუხისმგებლობა ყველამ და უპირველესად მმართველი გუნდის წევრებმა“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

მსგავსი თემები